ალექსანდრე ქართველი – ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი

17 ნოემბერი 2015 – 01 ივნისი 2016

საქართველოს მუზეუმი

2015 წლის 17 ნოემბრიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმი და ალექსანდრე ქართველის ასოციაცია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში წარმოგიდგენთ უდიდესი ავიაკონსტრუქტორის ალექსანდრე ქართველისადმი მიძღვნილ გამოფენას.

გამოფენა წარმოდგენას შეგიქმნით ქართველი ემიგრანტი ავიაკონსტრუქტორის, ამერიკული და მსოფლიო ავიაციის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ნოვატორის, ალექსანდრე ქართველის (ქართველიშვილის /1896-1974/) ცხოვბრებასა და შემოქმედებაზე.    

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ქართველის მიერ შესრულებული ესკიზები და ნახაზები,  მისივე დიზაინით შექმნილი თვითმფრინავების მაკეტები, საარქივო მასალა, დოკუმენტები, სტატიები, ფოტოები, მულტიმედიური პროექციები და სხვა. გამოფენა საშუალებას მოგცემთ დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით გაადევნოთ თვალი ალექსანდრე ქართველის  პროფესიული  და პირადი ცხოვრების გზას და გაეცნოთ მის მიერ შექმნილ ლეგენდარულ  თვითმფრინავებს.

აღნიშნული გამოფენით საზეიმოდ დაიხურება 2015 წლის „მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეული".

გამოფენის მხარდამჭერია თბილისის მერია და საქართველოს ეროვნული არქივი. 

გამოფენა 2016 წლის 1 ივნისამდე გაგრძელდება.  

მისამართი: . ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზ 3.

 

* * *

ალექსანდრე ქართველი დაიბადა 1896 წლის 9 სექტემბერს თბილისში. ადრეულ ასაკში ალექსანდრე დედასთან ერთად გაექცა ბოლშევიკებს და გაემგზავრა ემიგრაციაში ბავშვობისდროინდელი ოცნების ასრულებისა და თვითმფრინავების დიზაინის შემუშავების მიზნით. პარიზში, საავიაციო სკოლაში სწავლისას ქართველის თვითმფრინავმა დაამყარა მსოფლიო რეკორდი სიჩქარეში. პარიზის საავიაციო წრეებში კარგი რეპუტაციის მქონემ, 1920 წელს გაიცნო ამერიკელი მეწარმე ჩარლზ ლევინი და მის საავიაციო კომპანიაში სამუშაოდ აშშ-ში გადავიდა.

ალექსანდრე ქართველმა მნიშვნელოვანი ცვლილება მოახდინა სამხედრო ავიაციის სფეროში და იმ მოღვაწეთა შორის დაიმკვიდრა ადგილი, რომელთა გავლენაც მნიშვნელოვნად გასცდა მათი ძირითადი საქმიანობის სფეროს. ენთუზიაზმით აღსავსე გამომგონებელმა დაარღვია ყველა მანამდე არსებული ჩარჩო. მისი დიზაინით შექმნილი თვითმფრინავი A-10 დღემდე ითვლება ამერიკულ ავიაციაში არსებულ ყველაზე ეფექტურ მოიერიშე თვითმფრინავად. 

იმდენად, რამდენადაც ალექსანდრე ქართველი აქტიურად იყო ჩართული შეერთებული შტატების სამხედრო საქმიანობაში, მისი ცხოვრება დიდი ხნის განმავლობაში იყო გასაიდუმლოებული შპიონაჟის, გატაცების და ლიკვიდაციის რეალური  საფრთხეების გამო. მხოლოდ გრიფი „საიდუმლოს" მოხსნის შემდეგ, როდესაც ალექსანდრე ქართველის შესახებ სმითსონის ინსტიტუტისა და NASA-ს არქივებში დაცული მასალა გახდა ხელმისაწვდომი, საზოგადოებამ შეიტყო მისი უმნიშვნელოვანესი წვლილის შესახებ - მეორე მსოფლიო ომის დროს მოკავშირეთა მიერ საჰაერო უპირატესობის მოპოვების საქმეში. 

ალექსანდრე ქართველის ფუძემდებლური კონსტრუქტორული გადაწყვეტები პასუხობდა ფრანკლინ დელანო რუზველტის, ჰარი ტრუმენის და ამერიკული ავიაციის პიონერის ჩარლზ ლინდბერგის  ეპოქის გამოწვევებს.