,,გენდერი და ხელოვნება”

02 მარტი 2006 – 02 აპრილი 2006

ხელოვნების მუზეუმი

2006 წლის 2 მარტს 14:30 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი წარმოგიდგენთ გამოფენას "გენდერი და ხელოვნება". გამოფენა ხორციელდება პროექტის, "გენდერი და პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში" ფარგლებში.

გენდერი, როგორც კონცეპტი ხელოვნებაში ახალი არ არის, თუმცა ჩვენი საზოგადოებისათვის ეს თემა ნაკლებად ცნობილია. გენდერული კვლევები სქესთა ჰარმონიის ძიებას გულისხმობს. საზოგადოებაში გენდერულ როლებს მნიშვნელოვნად განაპირობებს კულტურა და არსებული ტრადიციები, რამაც თავის მხრივ ასახვა ჰპოვა ხელოვნებაში. გამოფენის მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოებაში გენდერის აღქმის  საზღვრების გაფართოების პროცესს.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია განსხვავებულ ეპოქასა და გეოგრაფიულ სივრცეში შექმნილი 22 ფერწერული ტილო და 4 ქანდაკება, რომელთა ნაწილიც პირველად გამოიფინება ფართო საზოგადოებისათვის.

ექსპონირებული იქნება როგორ ცნობილი ქართველი მხატვრების: ლადო გუდიაშვილის, ელენე ახვლედიანის, დავით კაკაბაძისა და შალვა ქიქოძის, ასევე სხვადასხვა ეპოქის ევროპელი მხატვრების ნამუშევრები, როგორებიც არიან: იან სტენი, კარლო ჩინიანი, ოგიუსტ როდენი, არისტიდ მაიოლი და სხვა.

ექსპოზიცია დამთვალიერებელს საშუალებას აძლევს დაინახოს როგორ არის  წარმოჩენილი და კონსტრუირებული გენდერი ხელოვნების სხვადსხვა ჟანრში: პორტრეტში, ჟანრულ სცენებში, მითოლოგიურ თემაზე შექმნილ ნამუშევრებში.

მისამართი: შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, ლადო გუდიაშვილის ქ. 1.