გიგო გაბაშვილის ნამუშევრების გამოფენა

23 დეკემბერი 2006 – 30 იანვარი 2007

ხელოვნების მუზეუმი

2006 წლის 23 დეკემბერს, შაბათს 16.00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი გიწვევთ გიგო (გიორგი) გაბაშვილის (1862-1936) ნამუშევრების გამოფენაზე.

გიგო გაბაშვილი ბავშვობიდანვე გატაცებული იყო ხატვით. სხვადასხვა წლებში იგი სწავლობდა ისეთ მხატვრებთან, როგორებიც იყვნენ: ფრანც რუბო, მიუნხენის სამხატვრო აკადემიაში ა. ვაგნერი. პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში სწავლის პერიოდში შესრულებული ნამუშევრებისთვის რამდენჯერმე დაჯილდოვდა ვერცხლის მედლით და მიენიჭა მხატვრის წოდება.

გიგო გაბაშვილი პირველი ქართველი მხატვარია,რომლის პერსონალური გამოფენა მოეწყო თბილისში 1891 წელს. იმდროინდელმა პრესამ ერთხმად აღიარა მხატვრის ნიჭი.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ სოთბის აუქციონზე გ. გაბაშვილის ნამუშევარი სერიიდან "სამარყანდის ბაზარი" გაიყიდა 1 მილიონ 136 ათას აშშ დოლარად. სავარაუდოდ, აღნიშნული ნამუშევარი გახლდათ ამერიკელი მილიონერი ჩარლზ კრენის კოლექციიდან, რომელმაც 1891 წელს იმოგზაურა კავკასიაში, გაეცნო თბილისელ მხატვართა შემოქმედებას და გ. გაბაშვილს დაუკვეთა სურათები კავკასიისა და შუა აზიის თემაზე.

მნიშვნელოვანია გ. გაბაშვილის პედაგოგიური მოღვაწეობა: 1897წ. მან დააარსა სამხატვრო სტუდია, 1900-1920წწ. ასწავლიდა კავკასიის კაზმულ ხელოვნებათა წამახალისებელი საზოგადოების ფერწერისა და ქანდაკების სკოლაში, ხოლო 1922-1930წწ. იგი იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი.

მხატვრის შემოქმედების უმეტესი ნაწილი მისი ანდერძის თანახმად დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. ნამუშევართა ნაწილი კი საქართველოსა და უცხოეთის კერძო კოლექციებში ინახება.

მისამართი: შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, ლადო გუდიაშვილის ქუჩა 1.