...დან-დღემდე

04 ნოემბერი 2014 – 04 დეკემბერი 2014

ხელოვნების მუზეუმი

2014 წლის 4 ნოემბერს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გიწვევთ მხატვარ ლორეტა აბაშიძე-შენგელიას გამოფენაზე, სახელწოდებით ,,...დან-დღემდე“. 

ლორეტა აბაშიძე-შენგელია 1972 წლიდან მოღვაწეობს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში და წლებია, რაც გრაფიკის კათედრის პროფესორი გახლავთ. 1990 წელს ხელოვანი პირველი პრემიის ლაურეატი გახდა ესტამპის გამოფენაზე. 2004 წელს პარიზში საერთაშორისო გამოფენაზე ,,სალონი 58” მიიღო მედალი და დიპლომი. ლორეტა აბაშიძე-შენგელიას 2011 წელს აგრეთვე გადაეცა ლიტერატურული პრემია ,,გალა”. მის სახელს 2007 წელს პეტერბურგში გამოცემული ,,ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციები უკავშირდება, რომელიც ერმიტაჟში, პეტერბურგის უნივერსიტეტში, მოსკოვის კალიგრაფიულ მუზეუმსა და სორბონაში ინახება. მხატვარმა 2014 წელს მიიღო სპეციალური პრემია - ,,ხელოვნების ქურუმი“. 

ლორეტა აბაშიძე-შენგელიას ნამუშევრები მრავალფეროვანი გრაფიკული და ფერწერული ტექნიკით გამოირჩევა. მხატვარი მუშაობს სხვადასხვა ჟანრში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მის მიერ შექმნილი შოთა რუსთაველის, უილიამ შექსპირის, იაკობ ცურტაველის, სულხან საბა-ორბელიანისა და სხვა კლასიკოსების ნამუშევართა ილუსტრაციები. 

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის სხვადასხვა პერიოდში შესრულებული 120–ზე მეტი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი. 

გამოფენა გაგრძელდება 2014 წლის 4 დეკემბრამდე.

მისამართი: შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, ლ. გუდიაშვილის ქუჩა 1.