მთვარის მუზეუმი

19 ნოემბერი 2013 – 10 დეკემბერი 2013

ეროვნული გალერეა

19 ნოემბერს 19:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა წარმოგიდგენთ გამოფენას „მთვარის მუზეუმი".

1969 წლის 20 ივლისს, პირველად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კაცობრიობის ისტორიაში „გიგანტური ნაბიჯი" გადადგა. ამერიკელმა ასტრონავტმა, ნილ არმსტრონგმა პირველმა გაიარა ფეხით მთვარეზე...ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს „ნასას" მიერ 1969 წლის, 14 დან 24 ნოემბრის ჩათვლით მთვარეზე რიგით მეექვსე პილოტირებული მისია განხორციელდა. აღნიშნული მისიის მიზანი უფრო მეტი სეისმოლოგიური, სამეცნიერო და ტექნიკური მონაცემის შეგროვება და ფართო სელეონოლოგიური დაკვირვება იყო. ეს სამკაციანი შემადგენლობა დაკომპლექტებული იყო პროფესიონალი ასტრონავტებით.ესენი იყვნენ: ალან ბინი, ჩარლზ "პიტ" კონრადი და რიჩარდ გორდონი."მთვარის მუზეუმის" იდეის დაბადებას და მის განხორციელებას საინტერესო ისტორია აქვს. 1960-იან წლებში ნასამ ინიციატივით მიმართა მხატვრებს, რომ აპოლოს წარმატებით განხორციებული მისიიდან გამომდინარე შეექმნათ ნამუშევრები. 

„ექვსი დიდი მხატვრის შეკრება და ერთად მთვარეზე პატარა მუზეუმის შექმნა ჩემი იდეა იყო" - ამბობს ფორესტ „ფროსტი" მაიერსი. ენდი უორჰოლი, რობერტ რაუშენბერგი, დევიდ ნოვროსი, ჯონ ჩემბერლეინი, კლაუს ოლდენბურგი და თვითონ ფორესტ მაიერსი არიან ის მხატვრები, რომელთაც შექმნეს გამოსახულებები მთვარის მუზეუმის იდეის გარშემო. „ეს ძალიან დიდი რამ იყო ხელოვანისათვის...ჩვენ გავცდით პლანეტას" - ამბობს ფორესტ მაიერსი.ტექნოლოგიური ჩარევის შედეგად ნამუშევრების მასშტაბები დააპატარავეს და ერთი მცირე ზომის კერამიკულ ჩიპზე განათავსეს.  „გრუმანის" ინჟინრების დახმარებით ერთ - ერთი ჩიპი აპოლო 12 - ის „ლემ - 6"- ის კოსმოსური ხომალდის მოდულში მოათავსეს და მთვარეზე გაამგზავრეს...

ხომალდი მთვარეზე 1969 წლის 19 ნოემბერს დაფრინდა...

გამოფენაზე, საქართველოს ეროვნულ გალერეაში პირველად იქნება  წარმოდგენილი აპოლო 12 - ის არტეფაქტები:  მოდულის ფოლგა, სადაც ჩიპი იყო მოთავსებული  და მისი მეტალისგან დამზადებული მონეტები და რაც ასევე საინტერესოა „მთვარის მუზეუმის" ფარგლებში რამდენიმე თანამედროვე მხატვრის მიერ სპეციალურად ამ მოვლენისადმი შექმნილი ნამუშევარი.

კონსტანტინე მინდაძის ნამუშევარი „დროის, სივცისა და თარიღის გარეშე" და ონ კავარას ნამუშევარი „ჯერ ისევ ცოცხალი ვარ" ხაზს უსვამენ აწმყოს რელევანტურობას და ატარებენ ეგზისტენციალურ ხასიათს. როკო ირემაშვილის ასტრონავტების მონუმენტური პორტრეტები ემოციურად ხსნიან მათ რეალურ განცდებს და არსებულ დოკუმენტურ მასალასთან ერთად აცოცხლებენ ისტორიას. მანუჩარ ოქროსცვარიძის და კონსტანტინე მინდაძის წარმოდგენილი სკულპტურები და რიჩარდ სერას ჩანახატები წონისა და უწონადობის პრინციპებს ეხმაურებიან.

მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზირი 11.

***

დაიბადა სან ფრანცისკოში - 1938 წელს. რიჩარდ სერა მისი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული და წარმატებული ამერიკელი ხელოვანია. მინიმალისტი სკულპტორი და ვიდეო არტისტი. მისი ფოლადის ფირფიტებისგან შემდგარი უზარმაზარი სკულპტურები, რომლებიც მაშინვე მიგახვედრებთ ავტორის ვინაობას, ერთდროულად შემაძრწუნებელი და გამაოგნებელია. სერას კარბონიზირებული ფოლადის სკულპტურები განიცდიან ოქსიდაციას ათი წლის განმავლობაში და საბოლოოდ ისინი დამახასიათებელ ყავისფერ ტონალობას იძენენ. ნიუ იორკის „თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში“ მოეწყო რიჩარდ სერას რეტროსპექტიული ორი გამოფენა ოცწლიანი ინტერვალით: „რიჩარდ სერა/სკულპტურა“ (1986წ.) და „რიჩარდ სერა/სკულპტურა: ორმოცი წელი“ (2007წ.), ასევე მნიშვნელოვანია ბოლო წლების გამოფენები: „რიჩარდ სერა: დროის საკითხი“ - გუგენჰეიმის მუზეუმი - ბილბაო (2005წ.- მუდმივი გამოფენა), „პრომენადა“ - მონუმენტა, გრანდ პალასი, პარიზი (2008წ.), „რიჩარდ სერა/ გრაფიკა“ – „კუნსტჰაუს ბრეგენსი“, ავსტრია (2008წ.), „რიჩარდ სერა/გრაფიკა: რეტროსპექტივა“ - მეტროპოლიტენ მუზეუმი, ნიუ იორკი (2011წ. მეტროპოლიტენ მუზეუმის შემდეგ გამოიფინა სან ფრანცისკოში „თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში“ და ჰიუსტონში „მენილის კოლექციაში“ 2012 წ.), „ბრანკუსი/სერა“ - ბეილერის ფონდი, რეინი/ბაზელი, შვეიცარია(2011წ. შემდგომ გამოიფინა ბილბაოს გუგენჰეიმის მუზეუმში 2012წ.), გალერეა „კოურტო“-ში (ლონდონი) მიმდინარეობს გამოფენა „ რიჩარდ სერა: გრაფიკა კოურტოსთვის“ – (2014 წლის 12 იანვრამდე), ასევე მის ნამუშევრებს წარმოადგენს „ლერი გაგოსიანის გალერეა“. რიჩარდ სერა ცხოვრობს და მუშაობს ნიუ იორკში და ქეიპ ბრეტონის კუნძულზე ნოვა სკოტიაში.

 ონ კავარა - იაპონელი კონცეპტუალისტი მხატვარი, დაიბადა 1933 წელს ქალაქ კარიაში (იაპონია). სკოლის დამთავრების შემდეგ, 1951 წლიდან ცხოვრობდა ტოკიოში, სადაც აქტიურად იღებდა მონაწილეობას „იომურის დამოუკიდებელი გამოფენები“-ს პროექტებში. 1965 წლიდან მოგზაურობს ევროპის და ამერიკის ქვეყნებში და საცხოვრებლად გადადის ნიუ იორკში. (ონ კავარა მოიხსენება როგორც ამერიკელი მხატვარი). სწორედ ამ პერიოდში ქმნის ცნობილი ნამუშევრების სერიას „თარიღები“, ეს არის მონოქრომულ ტილოზე აკრილით შესრულებული ტიპოგრაფიული რიცხვები. თითოეულ ნამუშევარს თან ახლავს იმავე დღის ადგილობრივი გაზეთი, ქალაქიდან სადაც ავტორი იმ მომენტში იმყოფება. ნამუშევრის ძირითადი აზრი მდგომარეობს შემქმნელისა და დამთვალიერებლის იგივე პერიოდის გაზიარებაში, რომელშიც ორივე ცხოვრობს ან ცხოვრობდა. 1970-იან წლებში ონ კავარა მეგობრებს უგზავნის ტელეგრამას ტექსტით „მე ისევ ცოცხალი ვარ“, ამ გზით გამოხატა მან თავისი არსებობა და აბსტრაქტულობის მიუხედავად მისმა ქმედებამ პარადოქსულად რეალისტური ფორმა მიიღო. ასევე მნიშვნელოვანი ნამუშევარია წიგნის სახით დაბეჭდილი ერთი მილიონი წლის თარიღები, სახელწოდებით „მილიონი წელი“. სწორედ ამ პროექტებმა, რომელიც გვამოგზაურებს დროსა და სივრცეში, დაუმკვიდრა ონ კავარას ერთერთი წამყვანი კონცეპტუალისტი არტისტის სახელი. მხატვარი არასოდეს ჩნდება ხალხმრავალ ღონისძიებებზე, მას ვერასოდეს ჩამოართმევთ ინტერვიუს. ონ კავარას ნამუშევრებს წარმოადგენს „დევიდ ზვირნერ“-ის გალერეა. ცხოვრობს და მუშაობს ნიუ იორკში.

დაბადებული 1977 წელს - კონსტანტინე მინდაძე - მულტიდისციპლინალური ვიზუალ არტისტი. სწავლობდა გერიტ რითფელდის აკადემიასა და ამსტერდამის გრაფიკულ ლიცეუმში, ნიდერლანდებში. არის ცნობილი ჰოლანდიურ არტ საზოგადოების „არტი ეტ ამიჩიტაეს" წარმომადგენელი წევრი და ერთერთი მნიშვნელოვანი ფიგურა საქართველოს თანამედროვე არტ სცენაზე. ასოცირდება: მინიმალიზმთან და კონცეპტუალურ არტთან. სფეროები მოიცავენ: აქტიურ-სივრცულ და ხმოვან ინსტალაციებს, სკულპტურას, ფერწერას, გრაფიკას, ფოტოგრაფიას, აუდიო და ვიდეო არტს. მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ ინტერნაციონალურ ჯგუფურ გამოფენებში და ავტორია მრავალი პერსონალური პროექტების - საქართველოში, ევროპასა და აშშ-ში. მისი ნამუშევრები შეტანანილია მრავალ ინტერნაციონალურ არტ-კატალოგებში და დაწერილია მრავალი სტატია, აგრეთვე დაცულია სხვადასხვა კორპორატიულ და კერძო კოლექციებში.

ბოლო წლებში მას მეტად იცნობენ სხვადასხვა მედიუმებში შესრულებული მასშტაბური ინსტალაციებით. სინთეტური სამყაროს სტრუქტურა, მენტალური და ბიოლოგიური რეაქციები, ცხოვრების ციკლი და წარმავლობა, ეგზისტენცია და დროებითობა, სიყვარული და დანაკარგები, გლობალიზაცია და ტექნოლოგიები, შიში და რელიგიები, კონსუმერიზმი და კომერცია, ისტორიული ფაქტები და ხრწნის პროცესი, - ის ძირითადი თემებია, რომელთა კვლევაც მისი პროექტების განმსაზღვრელია. ამ პროექტების უმეტესობა დამთვალიერებელთან ხანგრძლივ კომუნიკაციას გულისხმობს, ისინი დროშიც ვითარდებიან, ზოგჯერ ორგანული მასალებისა თუ ქიმიური ნაერთების ტრანსფორმაციას აჩვენებენ.
უახლესი განხორციელებული სოლო პროექტები წარმოდგენილი იყო ალექსანდრე ჭავჭავაძის მუზეუმში, ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში და შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში. ცხოვრობს და მუშაობს ამსტერდამსა და თბილისში.

დაბადებული 1979 წელს, როკო ირემაშილი. თბილისის საბაკალავრო განათლების მერე სწავლება ქალაქ შტუტგარტში გააგრძელა და ამის პარალელურად აქტიურად იფინებოდა საქართველოსა და გერმანიაში. აქტიურ სახელოვნებო სივრცეში 2008 წლიდან გამოჩნდა.  ამ პეროდიდან მოყოლებული აქვს ცამეტი პერსონალური გამოფენა-პროეკტი მოწყობილი. როგორც წესი მუშაობს სერიულად და თითოეულ სოლო პროექტს გასდევს ერთი ხაზი. თემატურად ეხება როგორც ლოკალურ, ასევე გლობალურ სოციალურ პრობლემატიკას და პოლიტიკურ კრიტიკასა, თუ პროტესტს . ძირითადი მიმართულება არის ფერწერა, ტუმცა ბოლო პერიოდში ხსირად გვხვდება მის მიერ შესრულებული სკულპტურული,თუ ვიდეო ნამუშევრები.

დაბადებული 1974 წელს, მანუჩარ ოქროსცვარიძე 90-იანი წლების ბოლოს, არტ სცენაზე გამოსულ მხატვართა შორის ერთერთი საინტერესო წარმომადგენელია. იგი აქტიურად მუშაობს შემდეგ დისციპლინებში: ფერწერა, გრაფიკა, სკულპტურა, გამოყენებითი ხელოვნება და დიზაინი. 1994 წლიდან მონაწილეობს როგორც საერთაშორისო ისე ლოკალურ ჯგუფურ და სოლო პროექტებში. უხლოეს წლებში მისი შემოქმედების ძირითადი მიმართულებაა მინიმალისტური ნახატი და ობიექტი, რომელსაც თავად "მოკლე ვიზუალურ გზავნილებად" და "ესთეტიკურ იდეოგრაფიებად" აფასებს. 2008 - 2009 წლებში არსებული კრიტიკული არტ ჟურნალის - "შთაბეჭდილება", კონცეფციის ავტორი და თანადამფუძნებელი გახლდათ. ბოლოდროინდელი პროექტებიდან აღსანიშნავია კონცეპტუალური გრაფიკის გამოფენა "მაკულატურა" (2011) რომელშიც მონაწილეობდა როგორც კურატორი და არტისტი და 2012 წლის სოლო პროექტი "EXISTERE". ეს პროექტები ინსპირირებული იყო ეგზისტენციალური და სოციალური თემატიკით რომელიც ეხებოდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა ინდივიდის თვითიდენტიფიკაცია, დამოკიდებულება სოციალურ სტატუსთან, დროსთან, სტაბილურობის შეუძლებლობის ფაქტთან, შინაგან და გარეგან კონფლიქტებთან... ცხოვრობს და მუშაობს თბილისში.