მუზეუმის კვირეული - ოლესია თავაძის ნამუშევრების გამოფენა

21 მაისი 2013 – 29 მაისი 2013

თბილისის ისტორიის მუზეუმი

2013 წლის 21 მაისს საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმი და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით წარმოგიდგენთ მხატვარ ოლესია თავაძის გამოფენას ,,ოლესია თავაძის სამყარო" და საგანმანათლებლო პროგრამას, სახელწოდებით ,,საბავშვო წიგნის ილუსტრაცია".

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვარ ოლესია თავაძის ფერწერული, გრაფიკული ნამუშევრები, და მისი პირადი კოლექცია - ხელნაკეთი თოჯინები, მინიატურული ნივთები, ეროვნული სამოსი, დეკორატიული ხელოვნების ნიმუშები, რასაც თან ერთვის საგანმანათლებლო პროექტი ,,საბავშვო წიგნის ილუსტრაცია", რომელიც გულისხმობს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის კონკრეტული ამბის შეთავაზებას და მის დასურათებას მას შემდეგ, რაც მონაწილეებს განუმარტავენ საბავშო წიგნის ილუსტრაციის სპეციფიკას, თუ როგორ უნდა ასახონ პერსონაჟის ხასიათი, როგორ შეაჩერონ არჩევანი ეპიზოდზე, როგორ ხდება გარეკანისა და ბოლო გვერდის ილუსტრირება. პირველ გაკვეთილს ჩაატარებს ოლესია თავაძე, ხოლო დანარჩენებს მუზეუმის ასისტენტები.

ოლესია თავაძე თბილისის სამხატვრო აკადემიიის კურსდამთავრებულია. იყო თბილისის მოზარდმაყურებელთა და მინიატურების თეატრების, გაზეთის ,,ლიტერატურული საქართველოს" მთავარი მხატვარი. კითხულობდა კოსტიუმის ისტორიას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მუშაობდა დაზგურ ფერწერასა და გრაფიკაში, შეასრულა მრავალი წიგნის დიზაინი და ილუსტრაცია. მათ შორისაა - შექსპირის პიესები ,,მეფე ჯონი", ,,სიყვარულის ამაო გარჯა". ასევე ავტორი და ილუსტრატორია საბავშვო წიგნის ,,ბურსუნსულ და პასკუალინა",  რომელიც 2007 წელს პრემირებული იყო საერთაშორისო კონკურსზე ,,Step by Step" (ნიუ-იორკი-ამსტერდამი). ქართულ ენაზე გამოცემული აქვს პროზაული მინიატურების კრებული - ,,სევდიანი ჩანაწერები" (2011 წ.) ამავე წელს, საქართველოს საპატრიარქოს საბავშვო წიგნების ფესტივალზე გაიმარჯვა ორ ნომინაციაში.

ახალი ტექნოლოგიების შესაძლებლობების გათვალისწინებით, დღეს კიდევ უფრო აქტუალურია წიგნის პროპაგანდის საკითხი, რაც თავისთავად კავშირშია ილუსტრაციასთან, მის სპეციფიკასთან, რომლის საშუალებითაც იცვლება მოზარდის სამყარო, ვითარდება ლიტერატურისადმი დამოკიდებულება და  ფართოვდება მისი წარმოსახვა, იცვლება სხვადასხვა ასაკის მოზარდთა ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულება როგორც  საბავშვო წიგნთან, ასევე სამუზეუმო სივრცესთან.

საგანმანათლებლო პროგრამის პრეზენტაცია: 21 მაისი, 2013 წ. 15:00

გამოფენის გახსნა: 21 მაისი, 2013 წ. 18: 00

გამოფენა გრძელდება 29 მაისის ჩათვლით.

მისამართი: სიონის ქ. 8, თბილისის ისტორიის მუზეუმი.