იაპონური თოჯინების გამოფენა ქარვასლაში

20 ოქტომბ. 2009 – 02 ნოემბერი 2009

თბილისის ისტორიის მუზეუმი

საქართველოს ეროვნული მუზეუმი და იაპონიის საელჩო საქართველოში წარმოგიდგენთ ტრადიციული იაპონური თოჯინების - ნინგუს - გამოფენას.
იაპონური თოჯინების ექსპოზიცია თბილისში იმართება პირველად. აღნიშნული გამოფენა იაპონური კულტურისა და ხელოვნების გაცნობის საუკეთესო შესაძლებლობაა. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ქალბატონ იუნკო კამოჰარას კერძო კოლექცია.
საუკუნეების მანძილზე იაპონური თოჯინა სხვადასხვა დატვირთვას იძენდა. გაზრდილი მოთხოვნილებების გამო თოჯინების ფორმა იხვეწებოდა, რთულდებოდა და ზომაში იზრდებოდა. ტრადიციულ ნინგუოთა (იაპონური თოჯინა) უმეტესობა არ არის განკუთვნილი ბავშვებისთვის, ისინი ძირითადად პატივისცემის და თაყვანისცემის ობიექტს წარმოადგენენ. უძველესი დროიდან მოყოლებული, იაპონიის მთელი ისტორიის მანძილზე, ადამიანის მსგავს გამოსახულებებს სიმბოლური დატვირთვა გააჩნდათ. ისინი წარმოადგენდნენ ნაყოფიერების თილისმებს, სარიტუალო ფიგურებს, ბავშვების დამცავ ამულეტებს, სამშობლოს დამცავი სულების დროებით განსასვენებელს, საჩუქრებს განსაკუთრებული მოვლენების აღსანიშნავად. ეროვნულ მუზეუმში მოსულ დამთვალიერებელს საშუალება ეძლევა გაეცნოს იაპონური თოჯინის დამზადების კულტურასა და მათი განვითარების ისტორიას.