ერთიანობა განსხვავებულობაში. ბრისტოლი და თბილისი: 1988-2018

19 სექტემბ. 2018 – 04 ოქტომბ. 2018

თბილისის ისტორიის მუზეუმი

საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ გამოფენას „ერთიანობა განსხვავებულობაში. ბრისტოლი და თბილისი: 1988-2018" თბილისის ისტორიის მუზეუმში. გამოფენა ეძღვნება ბრისტოლისა (დიდი ბრიტანეთი) და თბილისის დაძმობილების (Twinning) 30-ე წლის იუბილეს.

დაძმობილება სათავეს იღებს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ - ეს იყო კარგი საშუალება, რომ სხვადასხვა ქვეყნისა და კულტურის წარმომადგენლებს ერთმანეთი უკეთ გაეცნოთ და დამეგობრებულიყვნენ. ბრისტოლისა და თბილისის ურთიერთობა 1988 წელს დაიწყო, მაშინ, როდესაც საქართველო ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო.  

თბილისის ისტორიის მუზეუმში წარმოდგენილი გამოფენა ასახავს ამ ორ ქალაქს შორის კულტურულ, საგანმანათლებლო და მოქალაქეობრივ ურთიერთობებს დასაწყისიდან დღემდე.

გამოფენა თავს მოუყრის ქართველ და ბრიტანელ მხატვრებს, რომლებიც 30 წლის მანძილზე მონაწილეობდნენ გამოფენებსა და ფესტივალებზე თბილისსა და ბრისტოლში. ასევე, სხვა საერთაშორისო აღიარების მქონე მხატვრებს და დამწყებ ტალანტებს ორივე ქალაქიდან. მონაწილეებს შორის არიან: მარტინ გრიმერი, ჯემალ გუგუნავა, მეგან ჰოილი, ბენჯამინ ჯონსი, მარიელ ნიუდეკერი, მეგი როილი, თეა გვეტაძე, მამუკა ჯაფარიძე, მაია ნავერიანი, კოკა რამიშვილი, გურამ წიბახაშვილი, ილიკო ზაუტაშვილი, ლალი აერსი, ანდრიუ ბარნს კოლვილი, მარტინ ედვარდსი, მარკ ჰეივარდი, ბაჩა ხოფერია (Dr. Love) როზი მაკლეი, იური მეჩითოვი, ოთო ცაგარეიშვილი და თამუნა წახნაკია (Tamoonz).     

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება განსხვავებულ მედიასა და მასალაში შექმნილი ნამუშევრები: ფოტოები, ვიდეო-ინსტალაციები, ქანდაკება, მხატვრობა. გამოფენის „ისტორიულ" ნაწილში შესულია ფოტოსურათები ბრისტოლი-თბილისის დაძმობილების საზოგადოების სხვადასხვა პროექტიდან, ასევე ბრისტოლისა და თბილისის პეიზაჟები.

სიმბოლურია, რომ ეს გამოფენა მოეწყობა იმავე ადგილზე, სადაც 1994 წელს მოეწყო ახალგაზრდა ქართველი და ბრიტანელი მხატვრების ჯგუფის პირველი გამოფენა „აბრეშუმის გზა", რომლის კურატორები იყვნენ ბრიუს ალენი და ანთეა ნიკოლსონი.

​მიმდინარე გამოფენა მიზნად ისახავს წარმოაჩინოს მეგობრობა, საერთაშორისო ურთიერთობები, კულტურული განსხვავებულობა, თვითგამოხატვა, ინოვაცია და ტრადიციები, კონცეფციით - „ერთიანობა ერთფეროვნების გარეშე და განსხვავებულობა დანაწევრების გარეშე". ​

გამოფენის კურატორი: ნინა ბენდუქიძე.

გამოფენა ხორციელდება საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ბრისტოლ-თბილისის ასოციაციის ორგანიზებითა და თიბისი ბანკის მხარდაჭერით.  

გახსნა: 19 სექტემბერი, 18:00 საათი
ხანგრძლივობა: 19 სექტემბერი - 4 ოქტომბერი, 2018
მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. 8 

გამოფენის გახსნაზე დასწრება თავისუფალია! 

***

◆ მუზეუმი მუშაობს ყოველდღე ორშაბათის გარდა, 10:00-დან 17:30 საათამდე.

მომდევნო დღეებში შესასვლელი ბილეთის საფასური:
მოზრდილი 5 ლარი;
სტუდენტი 1 ლარი;
სკოლის მოსწავლე 50 თეთრი;
პენსიონერი 50 თეთრი;
ბავშვი 6 წლამდე უფასო;

*ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელია ელექტრონულად ვებგვერდზე: Biletebi.ge 

შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით მუზეუმში შესვლა უფასოა: ICOM-ის წევრებისთვის, მუზეუმის მეგობრებისთვის, საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო მუზეუმების თანამშრომლებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებულთათვის.