„საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები“

15 სექტემბ. 2017 – 29 სექტემბ. 2017

სვანეთის მუზეუმი

2017 წლის 15 სექტემბერს, 15:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და   კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმში გაიხსნება ფოტოგამოფენა „საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები".

საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ერთ-ერთ მონაკვეთს, ყოველთვის მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა სხვა ხალხებთან, ქართული კულტურა არასდროს ყოფილა იზოლირებული და ჩაკეტილი. საქართველოს სახელმწიფო და ქართველი ხალხი თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე დასავლეთისკენ ისწრაფოდა, რაც გამოიხატებოდა როგორც მათ საზოგადოებრივ წყობაში - ფეოდალიზმში, ასევე იმ ინტერესში, რასაც ქართველი ხალხი ევროპული მიღწევებისა და ღირებულებების მიმართ იჩენდა. ევროპელი მოგზაურების მიერ დატოვებული საქართველოსა და ქართველების მრავალრიცხოვანი აღწერილობებიც ამის დასტურია.

გამოფენაზე „საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები" წარმოდგენილი იქნება წერილების, ჩანაწერების, ფოტოებისა და  ხელნაწერების -  ქართველი ხალხის ევროპასთან ურთიერთობის ამსახველი ძეგლების ფოტოასლები. ასევე, ვიზიტორებისთვის ლექციას წაიკითხავს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოფენებისა და განათლების სამსახურის ხელმძღვანელი ნესტან ბაგაური.

აღსაღნიშნავია, რომ გამოფენა 30 მარტს თბილისში, საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიხსნა. გამოფენა უკვე გაიმართა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში: ფოთი, უფლისციხე, ბორჯომი, ოზურგეთი, ქუთაისი, ბათუმი.  გამოფენის გახსნა ასევე დაგეგმილია თელავში.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმში გამოფენა 29 სექტემბრამდე  გაგრძელდება.

 მისამართი: სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმი, ა. იოსელიანის ქ.7, მესტია, სვანეთი.