ივრის ზეგანი 8-10 მილიონი წლის წინ

06 სექტემბ. 2019 – 29 სექტემბ. 2019

საქართველოს მუზეუმი

6 სექტემბრიდან, საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ გამოფენას „ივრის ზეგანი 8-10 მილიონი წლის წინ" ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მრავალწყაროდან ელდარის ველამდე წარმოდგენილია ქანები, რომლებიც გეოლოგიურ ლიტერატურაში „ელდარის ფერადი წყების" სახელითაა ცნობილი. ელდარის ფერადი წყების ნამარხი ფორმები ერთ-ერთ ადრეულ ჰიპარიონულ ფაუნას ეკუთვნის. მათი შემადგენლობა მიოცენის ეპოქაში მომხდარი უდიდესი გეოგრაფიული ძვრების, კლიმატური რყევების და ინტენსიური მთათაწარმომქმნელი პროცესების შედეგია. ეს ფაუნა არის აფრიკული, ჩრდილოეთ ამერიკული და ევრაზიული წარმოშობის ცხოველების ნაზავი. ერთობლიობაში, აქ აღმოჩენილი ნამარხი ფორმები „ელდარის წყების" გეოლოგიურ ასაკზე და აქ წარსულში არსებულ გარემოპირობებზე მეტყველებენ.

გამოფენაზე წარმოდგენილია ისეთი ნამარხი ფორმები როგორიცაა: მარტორქისნაირები, ჟირაფისნაირები, ირმისნაირები, ხორთუმიანები, ზღვის ძუძუმწოვრები, მტაცებლები და პრიმატები.

გამოფენა ხორციელდება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტის „ივრისპირეთი ზედა მიოცენში: სამხრეთ კავკასიის ნამარხი პრიმატების მატიანეში გარკვევისათვის" ფარგლებში. პროექტის ხელმძღვანელი: მაია ბუხსიანიძე.

გამოფენის ხანგრძლივობა: 6-29 სექტემბერი
მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი / შ. რუსთაველის გამზ. 3