Immagica. მოგზაურობა მშვენიერების სამყაროში

31 მაისი 2019 – 31 აგვისტო 2019

საქართველოს მუზეუმი

31 მაისიდან, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში წარმოგიდგენთ მულტიმედიურ, თანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილ გამოფენას, რომელიც XIV-XIX საუკუნეების იტალიურ ფერწერასა და ქანდაკებას გაგაცნობთ.

IMMAGICA არის შთამბეჭდავი ვირტუალური მოგზაურობა დროში. ეს არის ხმის, განათების, იმერსიული გამოსახულებებისა და მულტიმედიის ერთობლიობა; ხელოვნების აღმოჩენა ინოვაციური ტექნოლოგიების მეშვეობით; შთაბეჭდილებების მიღებისა და ცოდნის გაღრმავების ახლებური ხერხი; ყველასთვის გასაგები, ხელმისაწვდომი და, ამავე დროს, მეცნიერული თვალსაზრისით ზედმიწევნით ზუსტი ენა.

გამოფენაზე დამთვალიერებელი, პროექციების საშუალებით, იხილავს ისეთი ხელოვანების ნამუშრევრებს როგორიცაა: ჯოტოს „მაესტა დი ონისანტი" და სკროვენის კაპელის ფრესკები, ლეონარდო და ვინჩის „ხარება", ბოტიჩელის „ვენერას დაბადება" და „გაზაფხული", რაფაელის „მადონა ჩიტბატონათი", ბელოტოს „სან მარკოს მოედანი" და „კასტელო სფორცესკო", კანალეტოს „იტონის კოლეჯის კაპელა", კანოვას „ამური და ფსიქეა" და „სამი გრაცია".

სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილია საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც სენსორული ეკრანების საშუალებით შესაძლებელს ხდის ნამუშევრების დეტალების დათვალიერებას; გამოფენაში ჩართულია VR ტექნოლოგიები - დამთვალიერებელი კანალეტოსა და ბელოტოს ნამუშევრებზე ასახულ სცენებს აღმოაჩენს. გამოფენა გამორჩეულია იმითაც, რომ დათვალიერების პარალელურად ვიზიტორი ყურსასმენებით შეძლებს, მუსიკის თანხლებით, მიიღოს ინფორმაცია ნამუშევრების შესახებ.

გამოფენის იდეა გაჩნდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან და იტალიის კვლევების ეროვნულ საბჭოსთან თანამშრომლობით იტალიის საელჩოს მიერ ორგანიზებული სემინარების ციკლის შედეგად, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში უახლესი ტექნოლოგიებისა და ინოვაციური სისტემების გამოყენების თემას ეძღვნებოდა. წამყვანი ტექნოლოგიებით შექმნილი მულტიმედიური ექსპოზიცია კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის სფეროში მომუშავე სამი იტალიური კომპანიის ერთობლივი მუშაობის შედეგია: ვირტუალური მარშრუტის იდეა და განხორციელება Cose Belle d'Italia Media Entertainment-ს ეკუთვნის, პლატფორმა Centrica-ს შექმნილია, ETT კი ვირტუალური რეალობის სივრცის კურატორია. გამოფენა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით იმართება.

გამოფენის ხანგრძლივობა: 31 მაისი - 31 აგვისტო, 2019

მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შ. რუსთაველის გამზ.3. 

***

შედევრები ეკრანზე
იტალიური კომპანიები