არქეოლოგიური საგანძური

30 ნოემბერი -0001 – 13 თებერვ. 2030

საქართველოს მუზეუმი

საქართველოს ეროვნული მუზეუმი სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში წარმოგიდგენთ გამოფენას ,,არქეოლოგიური საგანძური".

არქეოლოგიურ საგანძურში დაცულია საქართველოში გათხრების შედეგად აღმოჩენილი ოქრომჭედლობის ნიმუშები, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი ნაწარმია. ოქროსა და ვერცხლის უძველესი სამკაული, სხვადასხვა სარიტუალო ნივთი, ჭურჭელი და შტანდარტები აღმოჩენილია ყორღანულ სამარხებში დღევანდელი ქართლის, კახეთისა და თრიალეთის ტერიტორიაზე და ეკუთვნის იმდროინდელი საზოგადოების მდიდარ ფენას.

ძვ.წ. V-IV საუკუნეების კოლხური სამკაული (დიადემები, სასაფეთქლეები, ყელსაბამები, სამაჯურები და სხვა) მითიური ოქროს საწმისის ქვეყნის, კოლხეთის სამეფოს ტერიტორიაზე, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით კი ვანისა და საირხეს წარჩინებულთა სამარხებში აღმოჩნდა და გვიხსნის, რატომ იხსენიება კოლხეთი ბერძნულ-რომაულ წყაროებში ოქრომრავალი სიმდიდრით განთქმული ქალაქების - მიკენის, სარდისა და ბაბილონის მსგავსად. კოლხური ოქრომჭედლობის ეს ნიმუშები ჩნდება ძვ. წ. VIII-VI საუკუნეებში, როცა ათსაუკუნოვანი პაუზის შემდეგ ოქროსა და ვერცხლის სამკაულს კვლავ ვხვდებით საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე.

აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ძვ.წ. IV-III საუკუნეების ოქრომჭედლობის ნიმუშები, რომელთა შორის უნიკალურობით გამოირჩევა ახალგორის განძი, იმ არისტოკრატიის კუთვნილებაა, რომელიც ქართლის სამეფო იბერიის (როგორც მას ბერძნულ-რომაული წერილობითი წყაროები მოიხსენიებენ) შექმნამდე ცხოვრობდა. იბერიის სამეფოს ძლიერების გამომხატველია სამეფო ოჯახის წევრთა და ადგილობრივ წარჩინებულთა (პიტიახშთა) სამარხებში აღმოჩენილი სრულიად ორიგინალური პოლიქრომიული სტილით გამორჩეული იბერიული ოქრომჭედლობის მრავალი ნიმუში, ადგილობრივი თუ ირანიდან და რომიდან შემოტანილი ტორევტიკისა და გლიპტიკის ნამდვილი შედევრები.

მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზირი 3.