საქართველოს არქეოლოგია ძვ.წ VIII ათასწლეულიდან ახ.წ IV საუკუნემდე

27 დეკემბერი 2013 – 31 მარტი 2020

საქართველოს მუზეუმი

2013 წლის 27 დეკემბრიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმი ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გიწვევთ გამოფენაზე „საქართველოს არქეოლოგია ძვ.წ VIII ათასწლეულიდან ახ.წ IV საუკუნემდე". 

ექვთიმე თაყაიშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენაზე პირველად წარმოდგენილია ბოლო ორმოცდაათი წლის განმავლობაში საქართველოში აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა, რომელიც ძველი, საყოველთაოდ ცნობილი აღმოჩენების ფონზე ნათლად ადასტურებს ქართული კულტურის განვითარების ერთიან და უწყვეტ ხაზს ნეოლითის ეპოქიდან გვიანანატიკურ ხანამდე. ქართული არქეოლოგია, რომლის მთავარ მისიად რჩება ეროვნული კულტურის, როგორც მსოფლიო ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილის მაღალ მეცნიერულ დონეზე წარმოჩენა, ექვთიმე თაყაიშვილის ტრადიციებს აგრძელებს. 

გამოფენის სამეცნიერო ხელმძღვანელია აკადემიკოსი ოთარ ჯაფარიძე.

ექვთიმე თაყაიშვილმა საქართველოში სამუზეუმო საქმიანობასთან ერთად საფუძველი ჩაუყარა არქეოლოგიას როგორც ქართული მეცნიერების ერთ-ერთ წამყვან დარგს. მის სახელს უკავშირდება პირველი მეცნიერული არქეოლოგიური გათხრების ჩატარება ისეთ მნიშვნელოვან ძეგლებზე, როგორებიცაა მცხეთა, ვანი, საჩხერე და სხვა, სადაც დღესაც მიმდინარეობს ფართო მასშტაბის არქეოლოგიური კვლევა-ძიება.

ექვთიმე თაყაიშვილი იყო პირველი, რომელმაც ლითონის წარმოების დაწყება სამხრეთ კავკასიაში ბრინჯაოს ხანის ადრეულ საფეხურს დაუკავშირა. ექვთიმე თაყაიშვილის ვარაუდი გამართლდა საქართველოში შემდგომში აღმოჩენილი ადრებრინჯაოს ხანის სხვა ძეგლებით, რომლებმაც დასაბამი მისცა ქართული კულტურის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ეპოქის შესწავლას, რომელიც დღეს მტკვარ-არაქსის კულტურის სახელით არის ცნობილი.

ექვთიმე თაყაიშვილმა არა მხოლოდ პირველმა სწორად განსაზღვრა ვანის ნაქალაქარის ასაკი და ადგილობრივად მიიჩნია იქ მოპოვებული ოქრომჭედლობის ნიმუშები და თავად ოქროც, არამედ იწინასწარმეტყველა ვანის არქეოლოგიური შესწავლის მეცნიერული მნიშვნელობა. უკვე საუკუნეზე მეტია, რაც ვანში ინტენსიურად მიმდინარეობს არქეოლოგიური გათხრები, მაგრამ ჯერ კიდევ ამოუწურავია ამ ძეგლის პოტენციალი, რომელმაც მთელ მსოფლიოში გაუთქვა სახელი „ოქრომრავალ კოლხეთს" და სათანადო ადგილი დაიმკვიდრა ანტიკური სამყაროს ისტორიაში.

 გამოფენაზე  გაიმართება კატალოგის პრეზენტაცია „ექვთიმე თაყაიშვილი  150".

კატლოგის მიზანია წარმოაჩინოს ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრების, მოღვწეობისა და საზოგადოებრივი აზროვნების მრავალფეროვნება. საქართველოს ისტორია, არქეოლოგია. ხელოვნების ისტორია, ნუმიზმატიკა, ქართველოლოგია, ფილოლოგია, ლექსიკოგრფია, მუზეოლოგია, პედაგოგიკა, საზოგადოებრივი და სამოქალაქო მოღვაწეობა.

წიგნში წარმოდგენილი მდიდარი ფოტომასალა და ოთხი ესსე მოგვითხრობს ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრების ღირსშესანიშნავი მომენტებისა და მის სახელთან დაკავშირებული კულტურული  ძეგლების შესახებ. კატალოგში გარდა სამეცნიერო სტატიებისა თავმოყრილი იქნება ფოტომასალა: საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ექსპონატები - ექვთიმე თაყაიშვილის მიერ გადარჩენილი საგანძურიდან,  აგრეთვე საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმიდან,  ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან და საქართველოს ეროვნული არქივიდან.

მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზ.3.