დმანისის პროექტი

30 ნოემბერი -0001 – 30 ნოემბერი -0001

2006 წელს BP-მა დააფინანსა საქართველოს ეროვნული მუზეუმის პროექტი დმანისის კონსერვაცია, კვლევა და პრეზენტაცია". პროექტი, სახელწოდებიდან გამომდინარე, სამი კომპონენტისაგან შედგებოდა. პირველი კომპონენტი ითვალისწინებდა პალეოანთროპოლოგიური ძეგლის დაცვას; მეორე კომპონენტი - საველე და ლაბორატორიული სამუშაოების გაგრძელებას; მესამე კომპონენტით კი დაგეგმილი იყო ის სამუშაოები, რომლებიც  ხელს შეუწყობდა არქეოლოგიური ძეგლის შესახებ სამეცნიერო ცოდნის გავრცელება-პოპულარიზაციას.

პროექტის პირველ ეტაპზე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. ქართველ სპეციალისტებთან ერთად მასში შევიდნენ უცხოელი არქეოლოგები და ფრანგი არქიტექტორი ჟან ფრანსუა მილუ. თავდაპირველად მომზადდა ძეგლის დაცვისა და განვითარების კონცეფცია, რომლის არქიტექტურული ნაწილი შეიმუშავა ჟან ფრანსუა მილუმ და მისმა სახელოსნო "სტუდია მილუმ".

პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შედეგად მოწესრიგდა ძეგლის მიმდებარე ინფრასტრუქტურა, შემოიღობა მთელი პერიმეტრი, განისაზღვრა დამთვალიერებელთა მარშრუტი-მოეწყო ბილიკი შესაბამისი საინფორმაციო დაფებითა და მანიშნებლებით. ძეგლის დასაცავად არქეოლოგიურ უბანზე აიგო დამცავი შენობა. აღმოჩენების უკეთ წარმოსაჩენად მოეწყო დამთვალიერებელთა მისაღები მცირე დარბაზი. ნაგებობა ორგანულად მიესადაგა ძეგლს და არ დაარღვია ბუნებრივი გარემო. კონსტრუქციისა გეგმარება საშუალებას იძლევა, რომ არქეოლოგიური კვლევა-ძიებისა და გათხრის მიმდინარეობას თვალი დამთვალიერებელმაც მიადევნოს. იქვეა მოწყობილი მცირე გამოფენაც, სადაც ექსპონირებულია დმანისის მნიშვნელოვანი აღმოჩენები. შესაძლებელია ფილმის ნახვაც, რომელიც მოგვითხრობს ძეგლის საერთაშორისო მნიშვნელობასა და მისი გათხრის ისტორიის შესახებ. მოზარდებს განსაკუთრებით აინტერესებთ იქ წარმოდგენილი დმანისელი ჰომინიდების მულაჟები. ყველასათვის ცნობილ რეკონსტრუქციას - ზეზვასა და მზიას - BP-ის მხარდაჭერით შეემატა მოზარდი გოგონას სხეულის სრული მულაჟი, რომელიც დმანისში აღმოჩენილი 1,8 მილიონი წლით დათარიღებული ჩონჩხის ნაშთებზე დაყრდნობით ფრანგმა მოქანდაკე ელისაბედ დენისმა შექმნა.

წარმატებული იყო პროექტის მესამე კომპონენტიც, რადგან დმანისის საერთაშორისო მკვლევართა ჯგუფმა, ქართველმა და უცხოელმა სტუდენტებმა თავიანთი სამეცნიერო კვლევის შედეგები მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალებში გამოაქვეყნეს. მათ შორის აღსანიშნავია ჟურნალ Nature-ში დაბეჭდილი სტატია.

პროექტმა დადებითი შედეგი გამოიღო ძეგლის დაცვის, შესწავლისა და პოპულარიზაციის თვალსაზრისით. მრავალი დამთვალიერებელი, მათ შორის, ათასობით სკოლის მოსწავლე ესტუმრა ძეგლს და გახდა არქეოლოგიური კვლევის თვითმხილველი. მიმდებარე სოფლის მაცხოვრებლებიც ჩართულნი იყვნენ ამ პროცესში. ისინი მონაწილეობდნენ საველე სამუშაოებში. ექსპედიციის ოთხმოცკაციანი ჯგუფი გახდა სოფელში საოჯახო სასტუმროების განვითარების საფუძველი. დმანისი მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლია და მისი შესწავლა გრძელვადიანი პროექტია. BP-ის მიერ გამოყოფილმა ინვესტიციამ გადამწყვეტი როლი ითამაშა კულტურული მემკიდრეობის ამ ძეგლის დაცვასა და სამეცნიერო შესწავლაში. სამეცნიერო შესწავლაში.