ორენოვანი პუბლიკაცია

25 აპრილი 2008 – 10 იანვარი 2010

ორენოვანი პუბლიკაცია 

“ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი სამხრეთ კავკასიის მილსადენი და არქეოლოგია საქართველოში”

BP-სა და მისი პარტნიორების მხარდაჭერით საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა გამოსცა სამეცნიერო ნაშრომი "ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი სამხრეთ კავკასიის მილსადენი და არქეოლოგია საქართველოში". მასში შესულია სამეცნიერო სტატიები, რომლებშიც აისახა BP-სა და მისი პარტნიორების მიერ დაფინანსებული გადარჩენითი არქეოლოგიური პროგრამის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოები. ეს თანამშრომლობა ითვალისწინებდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და სამხრეთკავკასიური მილსადენების მშენებლობისას გამოვლენილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვას. გადარჩენითი არქეოლოგიური პროგრამა 2000-2005 წლებში განახორციელა საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის არქეოლოგიური კვლევის ცენტრმა.

გადარჩენითი არქეოლოგიური პროგრამა უპრეცედენტოა თავისი მასშტაბებით მილსადენების საერთაშორისო პროექტებს შორის; პასუხობს გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თვალსაზრისით როგორც საერთაშორისო, ისე BP-ის მიერ შემუშავებულ უმაღლეს სტანდარტებს. ამ სტრატეგიამ ქართველი არქეოლოგების ნაყოფიერი მუშაობისთვის სათანადო პირობა შექმნა და, ამავე დროს, უმძიმესი, 1990-იანი წლების შემდეგ ახალ პროექტებს გაუხსნა გზა.

ორენოვანი (ქართული და ინგლისური) წიგნი, წარმოადგენს რჩეეული სამეცნიერო სტატიების კრებულს, რომელიც ერთგვარი შეჯამებაა მშენებლობის დროს ჩატარებული ფართო მასშტაბური არქეოლოგიური კვლევებისა. მასში შესულია 24 სამეცნიერო სტატია. კრებულის ინგლისური ტექტსების რედაქტორია პროფ. მაიკლ ვიკერსი.