გამოფენის ორგანიზება და საცავის მოწყობა სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმში

01 აპრილი 2009 – 02 ივნისი 2009

2009 წელს BP-ს და მისი პარტნიორების მხარდაჭერით საქართველოს ეროვნული მუზეუმმა განხორციელა პროექტი "გამოფენის ორგანიზება და საცავის მოწყობა სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმში". პროექტი ითვალისწინებდა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მილსადენების მშენებლობისას აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალის ფართო საზოგადოებისათვის წარმოჩენასა და მაღალი სტანდარტების შესაბამისი საცავის მოწყობას. 

ახალციხის სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზემში შეირჩა სივრცე, სადაც მოეწყო გამოფენა "მილსადენის მშენებლობა და არქეოლოგიური აღმოჩენები". გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ბორჯომის, ახალციხისა და ადიგენის  რაიონებში აღმოჩენილი ნივთები. თანამედროვე საგამოფენო დიზაინი და ექსპოზიციის ფორმატი და შინაარსი თვისობრივად განსხვავდებოდა მუზეუმში ადრე მოწყობილი არქეოლოგიური გამოფენისაგან. ახალ გამოფენას ჰქონდა საგანმანათლებლო დატვირთვა. ექსპოზიცია თვალსაჩინოდ წარმოადგენდა კაცობრიობის განვითარების თითოეული ეტაპს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა კულტურული მემკვიდრეობის კვლევის მეთოდებს, ნაჩვენები იყო თუ როგორ აღადგენენ უძველეს ისტორიას სხვადასხვა დარგის მკვლევარები. ზემოთქმულიდან გამომდინარე, გამოფენის ყველაზე ხშირი სტუმრები მოსწავლეები და სტუდენტები იყვნენ. პროექტის ფარგლებში გამოიცა ბროშურა "სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმი".

გამოფენის საზეიმო გახსნა 2009 წლის 2 ივნისს შედგა. ღონისძიების დასაწყისში სტუმრებს მიესალმა მუზეუმის ხელმძღვანელმა ციური ლაფაჩი. შემდეგ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს BP საქართველოს გენერალურმა მენეჯერმა ნილ დანმა და ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ. სტუმრებმა დაათვალიერეს საცავი, სადაც არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული ნივთები დაბინავდა. საცავებში დაცული იყო შენახისათვის შესაბამისი კლიმატი და უსაფრთხოების ყველა ნორმა. 

საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი საზოგადოების წამრომადგენლები, ასევე, სტუმრები თბილისიდან.