BP

კომპანია BP-მა და მისმა პარტნიორებმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის, კონკრეტულად კი, საქართველოს არქეოლოგიური ძეგლების კვლევასა და შენარჩუნებაში დიდი როლი ითამაშეს. სწორედ BP და მისი პარტნიორი ორგანიზაციები ჩაუდგნენ სათავეში საქართველოში ნავთობისა და გაზის მილსადენების მშენებლობასა და ექსპლოატაციას.

კომპანია BP(www.bpgeorgia.ge) საქართველოში ოპერირებს სამ მილსადენს. ესენია: ბაქო-სუფსის ნავთობსადენი,რომელსაც ნედლი ნავთობი კასპიის ზღვიდან შავი ზღვისკენ, სუფსის ტერმინალამდე, მიაქვს (WREP); ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი (BTC), რომელიც ნავთობის ტრანსპორტირებას აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით თურქეთამდე, ჯეიჰანის ტერმინალამდე, ახორციელებს; სამხრეთ კავკასიის მილსადენი (SCP), რომელსაც ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენსაც უწოდებენ.

მილსადენების მშენებლობისას BP-ის, როგორც თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების მქონე კომპანიას, ვალდებულება ჰქონდა აღებული, დაეცვა მილსადენების არეალში მოქცეული არქეოლოგიური და არქიტექტურული ძეგლები; სამშენებლო პროექტი არ უნდა გამხდარიყო ისტორიული ობიექტების დაზიანების მიზეზი და კომპანია სრულად-სპეციალისტებითაც და ფინანსურადაც უზრუნველყოფდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროგრამის შესრულებას.

ამ პროგრამის განხორციელებისას საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიის კვლევის ცენტრის სპეციალისტთა მიერ გამოვლინდა მრავალი ძეგლი, რომლებსაც დიდი სამეცნიერო მნიშვნელობა აქვს. ამ ძეგლებზე მუშაობისას აღმოჩნდა უამრავი არტეფაქტი, რომელთა ნაწილი საცავებშია დაცული, ხოლო ნაწილი ექსპოზიციებზეა წარმოდგენილი.

BP-ის მიერ შემუშავებული კულტურული მემკვიდრეობის პროგრამა გასცდა მხოლოდ არქეოლოგიური ძეგლების გადარჩენის პროგრამით გათვალისწინებული საველე სამუშაოების დაფინანსებას. კომპანიისა და მისი პარტნიორების პასუხისმგებლობა სამუშაოების მთელ ციკლზე გავრცელდა, რაც არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ სადაზვერვო არქეოლოგიითა და საველე კვლევებით. პროგრამა ასევე მოიცავდა აღმოჩენილი მასალის ლაბორატორიულ კვლევებს, მათს კონსერვაციასა და სამეცნიერო ანგარიშების მომზადების დაფინანსებას.

მილსადენების მშენებლობის დამთავრების შემდეგ კომპანიამ და მისმა პარტნიორებმა შეიმუშავეს ე.წ. საკომპენსაციო პროგრამები, რაც ითვალისწინებდა მშენებლობის პროცესში უნებლიეთ დაზიანებული არქეოლოგიური ძეგლების საკომპენსაციოდ ისეთი პროექტების განხორციელებას, რომელიც ხელს შეუწყობდა ქართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, შენარჩუნებასა და მათს უკეთ წარმოჩენას. ამ პროგრამების საშუალებით, რომლებიც, თავის მხრივ, ცალ-ცალკე შემუშავდა ბაქო-სუფსისა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და სამხრეთ კავკასიის მილსადენებისათვის, ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდა.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და სამხრეთ კავკასიის მილსადენების სამშენებლო პროექტების საკომპენსაციო პროგრამის შესაბამისად, აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა დაბინავდა და მისთვის მოეწყო კარგად აღჭურვილი საცავები, მოხდა მოპოვებული სამეცნიერო შედეგების პოპულარიზაცია გამოფენებზე; გაიმართა სასწავლო სემინარები, სადაც უცხოელმა სპეციალისტებმა ქართველ არქეოლოგებს გააცნეს არქეოლოგიური კვლევების თანამედროვე მიდგომები და მეთოდები; სმითსონის ინსტიტუტთან დადებული ხელშეკრულების თანახმად, დაფინანსდა ქართველი სპეციალისტების სტაჟირება სმითსონის ინსტიტუტში; ასევე, სამშენებლო არქეოლოგიაში მიღებული გამოცდილების გაზიარების მიზნით, ქართველი, აზერბაიჯანელი და თურქი არქეოლოგებისათვის ქ. ბაქოში ჩატარდა სამეცნიერო სემინარი, მომზადდა ვებგვერდი (agt.si.edu), გამოიცა არაერთი სამეცნიერო ნაშრომი და კატალოგი.

ბაქო-სუფსის ნავთობსადენის სამშენებლო პროექტის საკომპენსაციო პროგრამის ფარგლებში დამატებით გაითხარა მილსადენის სიახლოვეს არსებული ათამდე არქეოლოგიური ძეგლი და გამოიცა სამეცნიერო სტატიების ორტომეული მილსადენის არქეოლოგია". ამ პროგრამითვე განხორციელდა ძალისას არქეოლოგიური ძეგლის რეაბილიტაციისა და ვანის ნაქალაქარის განვითარების პროექტები. ამავე პროგრამაში შევიდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის აქ წარმოდგენილი ვებგვერდის შექმნის პროექტიც.

BP-ის ინიციატივითა და დაფინანსებით საქართველოს ეროვნული მუზეუმის სარესტავრაციო ლაბორატორიის მეცნიერ თანამშრომლებმა განახორციელეს პროექტი, რომელიც შეეხებოდა ნავთობით დაბინძურებული არქეოლოგიური მასალის გაწმენდისა და გადარჩენის საკითხებს. ამავე პროექტით მოხდა საკონსერვაციო ლაბორატორიის რეაბილიტაცია.

BP-ის კეთილი ნებით ასევე დაფინანსდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიის რეაბილიტაციის, დმანისის არქეოლოგიური კომპლექსის კონსერვაციის, შესწავლისა და პრეზენტაციის პროექტი, ვანის არქეოლოგიური მასალის გამოფენის ოქრომრავალი კოლხეთი - მითი და რეალობა" თანმხლები ორენოვანი კატალოგი ოქრომრავალი კოლხეთი" და ორენოვანი ილუსტრირებული სამეცნიერო წიგნი საგანძური ზღუდერიდან".