საყდრისის მაღაროების საიდუმლო

02 ივნისი 2014
Share

კვლევა > ირინე ღამბაშიძე

ქვემო ქართლში, საყდრისში, მსოფლიოში უძველესი ოქროს წარმოების კერა აღმოჩნდა, სადაც ძვ.წ. IV ათასწლეულიდან იწყება ოქროს სამთო წესით მოპოვება. არქეოლოგიური კვლევები საყდრისში სენსაციური აღმოჩნდა. იგი შეფასდა როგორც მსოფლიოში ოქროს სამთო წარმოების უძველესი ძეგლი, რის შედეგადაც 2006 წელს საყდრისი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში იქნა შეტანილი. ძეგლზე 15-ზე მეტი გვირაბი და სამუშაო მოედანი გამოვლინდა, ის ადგილები, სადაც უშუალოდ ხდებოდა მოპოვებული ოქროს მადნების პირველადი დამუშავება.

ბოხუმის გერმანიის სამთო მუზეუმთან სამეცნიერო თანამშრომლობა 1996 წელს დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში რამდენიმე დიდი პროექტი განხორციელდა: 2001-2003 წწ. გერმანიის ქალაქებში ბოხუმსა და ვისბადენში გამოფენა სახელწოდებით: „საქართველო - განძეულობა ოქროს საწმისის ქვეყნიდან"; 2003-2012 წწ. ფოლკსვაგენის ფონდის დაფინანსებით განხორციელდა სასწავლო სამეცნიერო პროექტები („საქართველოში ინტერდისციპლინარული კვლევების გააქტიურება და ახალი მეთოდების დანერგვა სამთო-არქეოლოგიასა და არქეომეტალურგიაში" და „ოქრო საქართველოში"), 2013 წლიდან კი - გერმანიის კვლევების საზოგადოებისა (DFG) და საფრანგეთის ეროვნული სამეცნიერო ცენტრისა და სააგენტოს (ANR და CNRS) დაფინანსებით - „უძველესი მარილის, სპილენძისა და ოქროს სამთო მოპოვება კავკასიაში".

ქ. ბოხუმსა და ქ. ვისბადენში (გერმანია) ჩატარებული გამოფენა „საქართველო - განძეულობა ოქროს საწმისის ქვეყნიდან" (ორგანიზატორები: აკად. პროფ. ოთ. ლორთქიფანიძე, დოქ. ირ. ღამბაშიძე, პროფ. რ. ზლოტა, პროფ. ა. ჰაუპტმანი, დოქ. უ. იალჩინი), რომლის მიზანსაც წარმოადგენდა დამთვალიერებლისთვის საქართველოს ისტორიის, კულტურის, რელიგიის, ბუნების, ლანდშაფტისა და საქართველოში გერმანული დასახლებების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება, 2001 წლის 28 ოქტომბერს გაიხსნა გერმანიისა და საქართველოს პრეზიდენტების პატრონაჟით. „არგოს" გემში 12 ინსცენირებულ ვიტრინაში გამოფენილ ძვ.წ. III-I ათასწლეულების უძვირფასეს ექსპონატებს - ლომის ოქროს სკულპტურას წნორიდან, თიხის ურმის მოდელს ბადაანის ნამოსახლარიდან, რიტონ-ყანწსა და ქურუმი ქალის სამკაულს ბორჯომის ხეობიდან, ბრინჯაოს ქალის ქანდაკებას ვანიდან და სხვ., დამთვალიერებელი საქართველოს ისტორიის ამსახველ ექსპოზიციაში შეჰყავდა - ძირითად საგამოფენო დარბაზში კი 756 სპილენძის, ბრინჯაოს, ანტიმონის, ტყვიის, რკინის, ოქროსა და ვერცხლის არტეფაქტის მეშვეობით ნაჩვენები იყო საქართველოში უძველესი მელითონეობის განვითარების უწყვეტი ისტორია. გამოფენა ნახევარ მილიონამდე დამთვალირებელმა მოინახულა. გამოიცა კატალოგი სახელწოდებით: „Georgien - Schätze aus dem Land des Goldenen Vlies" (შემდგენლები: ირ. ღამბაშიძე, ა. ჰაუპტმანი, რ. ზლოტა, ი. იალჩინი, ბოხუმი 2001). გერმანიაში გამართულ საქართველოს გამოფენას 2003 წელს მოჰყვა სამთო მუზეუმთან (DBM), რურისა (RUB) და ფრანკფურტის უნივერსიტეტეტებთან ერთად (IMUF) ფოლკსვაგენის ფონდის (გერმანია) მიერ დაფინანსებული ორი სასწავლო-სამეცნიერო პროექტი: „საქართველოში ინტერდისციპლინარული კვლევების გააქტიურება და ახალი მეთოდების დანერგვა სამთო არქეოლოგიასა და არქეომეტალურგიაში", 2007 წლიდან კი „ოქრო საქართველოში". პროექტის მიზანი იყო ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო მეცნიერული კვლევებით საქართველოში უძველესი მეტალურგიის პრობლემების შესწავლა: თუ როგორ ხდებოდა უძველეს დროში მადნებით მდიდარი კავკასიის მთიანეთში ნედლეულის მოპოვება და წარმოება.

პროექტი ითვალისწინებდა ინტერდისციპლინარულ (არქეოლოგიურ, გეოლოგიურ, მინერალოგიურ, ქიმიურ) კვლევებს უძველეს სამთო ძეგლებზე; საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მადნისეული საბადოებისა და უძველესი ლითონის არტეფაქტების არქეომეტალურგიულ კვლევებს; ქართველი მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და პოსტ-დოქტორების მომზადებას რურისა და ფრანკფურტის უნივერსიტეტებში. საქართველოსა და კავკასიის არქეოლოგიაში გერმანელი სტუდენტებისათვის სასწავლო-სალექციო კურსის მომზადებასა და სხვადასხვა წორკსჰოპ-ების ჩატარებას სამთო არქეოლოგიასა და არქეომეტალურგიაში.

პროექტების ფარგლებში ჩატარებული არქეოლოგიური და გეოლოგიური სამუშაოების შედეგად საქართველოს სამხრეთ პროვინცია ქვემო ქართლში, საყდრისში, მცირე კავკასიონის იმ მონაკვეთზე, სადაც საქართველოს ძირითადი მადნეული საბადოებია თავმოყრილი, მიკვლეულ იქნა უძველესი ოქროს წარმოების კერა, ანუ მაღაროები, საიდანაც უძველეს დროში ხდებოდა მთიდან ოქროს მადნის ამოღება და გადამუშავება. არქეოლოგიური სამუშოები ჩატარდა როგორც მიწის ზედაპირზე, ასევე მიწისქვეშა გვირაბებში, რომლებიც 25 მ. სიღრმეზე თანამედროვე შტოლნების გაყვანის დროს იქნა დაზიანებული და გადაჭრილი.

გაიწმინდა ორი ჰორიზონტალური და ერთი შახტური გვირაბი. კულტურული ფენების სიმძლავრე 1,5-2,4 მეტრს აღწევდა. გამონამუშევრების გლუვ კედლებზე კარგად შეიმჩნეოდა ქვის უროების გამოყენების კვალი, რაც უდაოდ მის არქაულ ხასიათზე მეტყველებდა. კულტურულ ფენებში მტკვარ-არაქსული კულტურისათვის დამახასიათებელი თიხის ნაწარმის აღმოჩენამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ძეგლის პირველად დათარიღებაში, რამაც შემდგომ ამავე ფენებში აღმოჩენილი ხის ნახშირის რადიოკარბონული თარიღის მიხედვით ეს მოსაზრება გაამყარა. მაღაროებში სამუშაოების წარმოების პერიოდი განისაზღვრა ძვ.წ. 3330-2580 წწ. შორის, ანუ ოქროს მოპოვება ამ გვირაბებში 750 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. არქეოლოგიური კვლევები საყდრისში სენსაციური აღმოჩნდა და იგი შეფასდა როგორც ოქროს სამთო წარმოების მსოფლიოში უძველესი ძეგლი, რის გამოც 2006 წელს საყდრისი შეტანილი იქნა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში.

კვლევის პროცესში გაირკვა, რომ იმ დროს, როდესაც უძველესი ცივილიზაციები, ისეთები, როგორიცაა, მაგალითად, ეგვიპტე, ოქროს მადანს მდინარეში რეცხვის საშუალებით მოიპოვებდნენ, მცირე კავკასიონის ქედზე მაცხოვრებელი საზოგადოება კარგად იცნობდა მთის ოქროს მოპოვების რთულ ტექნოლოგიებს, როგორიცაა მადნისეულ საბადოებში თვალით უხილავი ოქროს ამოცნობა, მისი ქვის იარაღებით მონგრევა, ფუჭი ქანებისაგან გათავისუფლება, დაფხვნა, გარეცხვა, გამოდნობა და გამომდნარი ოქროსაგან სამკაულის დამზადება. ისმის კითხვა, თუ სად წავიდა საყდრისში ამოღებული ოქრო? ვინ იყვნენ და სად ცხოვრობდნენ ეს ადამიანები? დაიწყო სადაზვერვო არქეოლოგიური სამუშაოები, რომელთა მიზანს ძვ.წ. IV-III ათასწ. სამთოელთა დასახლების მოძიება წარმოადგენდა, ანუ იმ ნამოსახლარისა, სადაც საყდრისში მომუშავე საზოგადოება ცხოვრობდა.

სოფ. ბალიჭის მიმდებარე ტერიტორიაზე მიკვლეულ იქნა 62 ჰა ფართობზე გადაჭიმული ნამოსახლარი და სამარხები. დღევანდელი მონაცემების მიხედვით, იგი ყველაზე დიდია სამხრეთ კავკასიაში არსებულ მტკვარ-არაქსის კულტურის პერიოდის ნამოსახლარებს შორის. მოპოვებული არქეოლოგიური მასალის მიხედვით ძეგლი შეფასდა როგორც მთამადნელთა დასახლება, სადაც ძვ.წ. IV-III ათასწლეულთა მიჯნაზე ხდებოდა საყდრისიდან მოზიდული ოქროს მადნის მეორადი გადამუშავება და გამოდნობა. სამელითონეო სახელოსნოში ქურის გარშემო ერთად იყო თავმოყრილი ქვის საწარმოო  იარაღები: მცირე ზომის უროები, სანაყები, საფხვნელები, სასრესი დაფები, დაფხვნილი მადანი, თვით ქურაში კი დაწიდებული თიხის ტიგელი (თიხის ჭურჭელი მადნის გამოსადნობად).

ვინაიდან პროექტები ინტერდისციპლინარული იყო და მოითხოვდა ლითონის არქეოლოგიური არტეფაქტების წარმომავლობის დადგენას, არქეოლოგიური კვლევების პარალელურად დაიწყო ანალიტიკური კვლევებისათვის საქართველოში არსებული მადნეული საბადოებიდან და ოქროს მატარებელი მდინარეებიდან ქვიშრობული ოქროს მოპოვება, რათა ქიმიური და ტყვიის იზოტოპური ანალიზების საფუძველზე მომხდარიყო საქართველოს ტერიტორიაზე და საქართველოს ფარგლებს გარეთ მოპოვებული არქეოლოგიური ძვირფასი და ფერადი ლითონის უძველეს არტეფაქტებთან შეჯერება. სინჯები ბოხუმის სამთო მუზეუმის არქეომეტალურგიისა და ფრანკფურტის უნივერსიტეტის მინერალოგიის ინსტიტუტების ლაბორატორიებში იქნა გაგზავნილი, სადაც შესრულდა მათი ანალიტიკური კვლევები ქართველი და გერმანელი დოქტორანტებისა და მაგისტრანტების მონაწილეობით.

პასუხი კითვაზე, თუ სად წავიდა საყდრისის ოქრო, კვლევების დასარულს გაიცემა, როდესაც მოხდება საქართველოში აღმოჩენილი ოქროს არტეფაქტებისა და მადნების ტყვიის იზოტოპური ანალიზების შედეგების შეჯერება. ასევე დამთავრდება ვარნის (ბულგარეთი), მესოპოტამიური, ანატოლიური და კავკასიური (ჩრდილო კავკასია, აზერბაიჯანი, სომხეთი) ოქროს არტეფაქტების არქეომეტალურგიული კვლევები. ფაქტი ერთია, ძვ.წ. IV-III ათასწლეულების მიჯნაზე საყდრისის მაღაროებსა და სამუშაო მოედნებზე მოპოვებული უამრავი ქვის იარაღი, ასევე ბალიჭი-ძეძვების ტერიტორიაზე სამთოელთა საცხოვრებელი და საწარმოო ნაგებობები, ლითონის გადასამუშავებელი სახელოსნოები და სადნობი ქურები, სამთოელთა ინდივიდუალური და კოლექტიური სამარხები უტყუარი დადასტურებაა იმისა, რომ სამხრეთ კავკასიაში სამთო წესით ოქროს მოპოვება და წარმოება ადგილობრივად ხდებოდა.

2009 წელს დაიდო მრავალწლიანი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, ბოხუმის გერმანიის სამთო მუზეუმს, ბოხუმის რურის უნივერსიტეტსა და გერმანიის სამთო ტექნოლოგიების საზოგადოებას შორის; 2013 წლიდან კი საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ბოხუმის სამთო მუზეუმის (რურის უნივერსიტეტი) ურთიერთობებში ახალი ეტაპი დაიწყო. გერმანიის კვლევების საზოგადოებისა (DFG) და საფრანგეთის ეროვნული სამეცნიერო ცენტრისა და სააგენტოს (ANR და CNRS) მიერ დაფინანსდა მორიგი პროექტი „უძველესი მარილის, სპილენძისა და ოქროს სამთო მოპოვება კავკასიაში", რომელშიც მონაწილეობს აგრეთვე პროექტი „Archéorient" (საფრანგეთი), აღმოსავლეთისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის ინსტიტუტი (საფრანგეთი), საქართველოს ეროვნული მუზეუმი და აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნახჩევანის ფილიალი. პროექტი ინტერდისციპლინარულია და მასში სხვადასხვა დაწესებულების 50-მდე მეცნიერი იღებს მონაწილეობას.