ჯავახეთის ქვის ხანის შემსწავლელი საერთაშორისო (ქართულ-ფრანგული) ექსპედიცია

20 მაისი 2014
Share

ჯავახეთი, ქვის ხანის შესწავლის თვალსაზრისით, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ადგილია. რეგიონი მდიდარია მსოფლიოში ნაკლებად გავრცელებული ობსიდიანით, იგივე ვულკანური მინით, რომელიც საუკეთესო ნედლეულია ქვის იარაღების დასამზადებლად, რის გამოც ის დიდი პოპულარობით სარგებლობდა ჩვენს წინაპრებში. ამას მოწმობს ფარავნის ტბასთან მდებარე ჭიქიანის მთის (ჯავახეთის ზეგნის ყველაზე ცნობილი ობსიდიანის გამოსავალი) ფერდობზე ღია ცის ქვეშ ობსიდიანზე დამზადებული ათასობით იარაღი და წარმოების გადანაყარის არსებობა. პალეოლითის (ქვის ხანა) ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ადამიანები უკვე კარგად იცნობდნენ იქაურობას. ისინი შორი მანძილებიდან მოდიოდნენ, ადგილზე ამზადებდნენ და თან მიჰქონდათ სასურველი იარაღი... ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ქვის ხანის ძეგლებზე არქეოლოგიური სამუშაოები 2011 წლიდან განახლდა. ამჟამად არქეოლოგიური გათხრები ორ ძეგლზე, ფარავნის და ბავრა-აბლარის ეხებზე (ნახევრად ღია ტიპის ნამოსახლარები) მიმდინარეობს. ფარავნის ეხი არქეოლოგებმა (ზ, ქიქოძე, ე. ქორიძე) 1977 წელს აღმოაჩინეს, ხოლო ბავრა-აბლარის ეხი 2011 წლის დაზვერვის შედეგად იქნა მიკვლეული მდინარე ფარავნისწყლის ხეობაში, სადაც მეზოლითის ეპოქის რამდენიმე ძეგლი, არქეოლოგ,  მ. გაბუნიას მიერ არის  შესწავლილი.

ჯავახეთის არქეოლოგიური ექსპედიცია 2011 წელს განახლდა. ის საქართველოს ეროვნული მუზეუმის ჯავახეთის ქვის ხანის შემსწავლელი ქართულ-ფრანგული საერთაშორისო ექსპედიციის ფარგლებში ხორციელდება. არქეოლოგიურ სამუშაოებს საქართველოს მხრიდან ხელმძღვანელობს - საქართველოს ეროვნული მუზეუმის და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის არქეოლოგი, ანა მგელაძე, ხოლო საფრანგეთის მხრიდან - ლიონი–III-ის უნივერსიტეტის მკვლევარი, კრისტინ  შატენიე.

ბავრა-აბლარის ეხში, 2012-2013 წლებში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად, გამოვლენილია ენეოლითის (ძვ.წ. მე-5 ათასწლეულის მეორე ნახევარი), ნეოლითის (ძვ.წ. მე-7, მე-6 ათასწლეულები), მეზოლითისა (ძვ.წ. მე-9 ათასწლეული) და სავარაუდოდ, ზედა პლეისტოცენის ასაკით თარიღებული კულტურული ფენები, რაც ჯავახეთში ამგვარი სტრატიგრაფიის მქონე ძეგლის აღმოჩენის პირველი და ერთადერთი შემთხვევაა.

ფარავნის ეხზე მე-20 საუკუნის 70-იან წლებში დაწყებული არქეოლოგიური სამუშაოები 2012-2013 წლებში განახლდა. ნახშირბად 14-ის მეთოდით მიღებულმა ახალმა თარიღებმა ძეგლი ზედა პალეოლითის ეპოქით დაათარიღა, რაც  შესასწავლი ადგილის ზონალობიდან გამომდინარე, ჯერჯერობით უნიკალური შემთხვევაა საქართველოს ტერიტორიაზე. ეხზე ასევე დასტურდება ენეოლითის ფენის არსებობა  და ზედაპირულად გროვდება შუასაუკუნეების, ნეოლითური და მეზოლითური ხანის ქვის არტეფაქტები.

ჭიქიანის ობსიდიანის გამოსავლებთან ახლოს (სულ რამდენიმე კილომეტრში) აღმოჩენილი ფარავნის ეხი,  პრეისტორიის სხვადასხვა ეპიზოდში,  ობსიდიანის მოსაპოვებლად დროებით მოსული პოპულაციების საქმიანობის  შესწავლის  საუკეთესო საშუალებას იძლევა.

ერთი მხრივ, მტკვრის აუზსა და სომხეთის ჩრდილოეთ პლატოებს, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოს დასავლეთსა და აღმოსავლეთ რეგიონებს შორის მოქცეული დერეფანი - ჯავახეთი, ქვის ხანის პოპულაციების მიგრაციების შესასწავლად  საყურადღებო რეგიონია.  არქეოლოგიური ძეგლების - ბავრა-აბლარის და ფარავნის ეხების არქეოლოგიურად შესწავლა, ამ მიმართულებით კვლევის წარმოების საშუალებას  იძლევა.

ორწლიანი არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად აღმოჩენილი არტეფაქტებისა და პალეონტოლოგიური მასალის წინასწარული კვლევის საფუძველზე, ფარავნისა და ბავრა-აბლარის ეხებში ადამიანი პლეისტოცენის ბოლოსა და ჰოლოცენის დასაწყისში ცხოვრობდა. ძეგლები ზღვის დონიდან მაღლა მდებარეობს და ორივე მათგანი დროებით სადგომებს (სეზონურ სადგომებს) წარმოადგენს. ეხის მკვიდრნი იქ წლის გარკვეულ დროს (ზაფხულის სეზონზე) ადიოდნენ და ცხოვრობდნენ. გათხრები გრძელდებ,ა რაც მომავალში, ჩვენი წინაპრების ცხოვრების ნირისა და საქმიანობის შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებაში დაგვეხმარება.

ჯავახეთის საერთაშორისო ექსპედიცია ფინანსდება საფრანგეთის საგარეო სამინისტროს მიერ, პროექტ „Caucase”-ის ფარგლებში. ამავე სამინისტროს წინაშე წარდგენილი წლიური ანგარიშის წარდგენისას, პროექტის დაფინასება განახლდება ხოლმე. ოთხწლიანი სამუშაოს დასრულების შემდეგ, ქვეყნდება სამეცნიერო სტატია და სამუშაოები გრძელდება არქეოლოგიური ძეგლების კვლევების მიზნებიდან გამომდინარე. აღნიშნულ  დაფინანსებას ასევე ემატება საფრანგეთის ნაციონალური კვლევითი ცენტრის (CNRS) მიერ გამოყოფილი დამატებითი სახსრები, რომელიც ძირითადად ფარავს არქეოლოგიური და პალეონტოლოგიური ნიმუშების დათარიღებასთან დაკავშირებულ ხარჯებს.