არქეოლოგიური და ინტერდისციპლინარული კვლევა ნეოლითური ხანის ნამოსახლარზე - გადაჭრილ გორაზე (ქართულ-ფრანგული პროექტი)

20 მაისი 2014
Share

საქართველოს ეროვნულ მუზეუმმა და საფრანგეთის სამეცნიერო კვლევის ეროვნულმა ცენტრმა (CNRS), 2012 წელს დაიწყო ახალი ერთობლივი პროექტი - LIA (Laboratory International Associate) - GATES project (2012-2015 წ.წ.). პროექტის ფარგლებში 2012 წელს ჩატარდა მცირე მასშტაბის, 15 დღიანი საველე სამუშაოები მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირთან მდებარე ნეოლითური ხანის ნასოფლარის - გადაჭრილი გორის (ბუნებრივი ჭრილის) ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში. ნამოსახლარის ეს მონაკვეთი ყველაზე მეტად ზიანდება მდინარის მიერ და დროთა განმავლობაში იკარგება კულტურული ფენების მნიშვნელოვანი ნაწილი. საქართველოს ეროვნული მუზეუმის მხრიდან, პროექტს უძღვება მარნეულის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი, ისტორიის მეც. დოქტორი, მინდია ჯალაბაძე.

2012 წლის პროექტის მიზანი იყო ურთიერთთანამშრომლობის  პირველი ნაბიჯის გადადგმა -  არქეოლოგიური და ინტერდისციპლინარული კვლევების დაწყება.  ფრანგ და ქართველ სპეციალისტებს შორის,  მომავალი სამი წლის სამუშაო სტრატეგიაც განისაზღვრა.                                                                              

2013 წლის 2 სექტემბრიდან 27 სექტემბრამდე,  ამავე პროექტის ფარგლებში, გადაჭრილ გორაზე,  ერთობლივი არქეოლოგიური და ინტერდისციპლინარული კვლევა გაგრძელდა. განხორციელდა ნამოსახლარის იმ მონაკვეთის არქეოლოგიური შესწავლა, რომელიც განსაკუთრებით ზიანდება მდინარის ადიდების დროს (სადაც წინა წლებში იქნა დაწყებული არქეოლოგიური გათხრები). 2014 წლის აგვისტოში დაგეგმილია ახალი საველე კვლევების ჩატარება.

ჩატარებული კვლევებით, დადგენილია ნასოფლარის ძირითადი სტრატიგრაფიული სურათი, აღმოჩენილია  წრიული გეგმარების მქონე ალიზის შენობების ნაშთები - თიხის, ქვისა და ძვლის არტეფაქტები. ძეგლიდან აღებულ საანალიზო ნიმუშებზე ლაბორატორიული კვლევა მიმდინარეობს როგორც საქართველოში, ისე საფრანგეთში.

 

პროექტში, როგორც ფრანგული, ასევე ქართული მხრიდან, გარდა არქეოლოგებისა, პალეობოტანიკოსი და პალინოლოგიც მონაწილეობს. ფრანგული მხრიდან ასევე ჩართულია გეომორფოლოგი და რადიოკარბონული დათარიღების სპეციალისტი. ამასთან, პროექტში სტუდენტებიც მონაწილეობენ.