მუზეუმის ფესტივალი ◆ მარკებით მოთხრობილი ისტორია

17 მაისი 2019
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმის და საქართველოს ფოსტის ერთობლივი ინიციატივით საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფესტივალის ფარგლებში, 21 მაისიდან, წარმოგიდგენთ პირველი ქართული მარკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენას „მარკებით მოთხრობილი ისტორია"

გამოფენაზე დამთვალიერებელი იხილავს ქართულ მარკებს, რომლებიც თავის მხრივ დანარჩენ მსოფლიოს აცნობდნენ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს, საზოგადო მოღვაწეებს, მხატვრებს, მწერლებსა და სხვა მნიშვნელოვან ფაქტებს. 

ექსპოზიციაზე გაეცნობით  საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებში დაცულ პირველ ქართულ, ეროვნულ და საბჭოურ მარკებს და საქართველოს ფოსტის ფილატელისტიკურ გამორჩეულ ნიმუშებს. საქართველოს ეროვნული არქივიდან ექსპონირებული იქნება სხვადასხვა დოკუმენტი, კორესპონდენცია, რომელზეც განთავსებულია პირველი ეროვნული საგერბო მარკები.

1919 წელს 26 მაისს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ დამოუკიდებლობის წლისთავი მნიშვნელოვანი ფაქტით აღნიშნა - მიმოქცევაში გამოვიდა პირველი ქართული საფოსტო მარკა. საფოსტო მარკები ცხრა ნომინალისგან შედგებოდა და ერთმანეთისგან განსხვავდებოდა ფერით და ვიზუალით. საფოსტო მარკებზე გამოსახული იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გერბი, თეთრი წმინდა გიორგი და ქართველი ქალი, რომელიც ფილატელისტურ კატალოგებში თამარ მეფის სახელით მოიხსენიება. 

მარკა ისეთივე სიმბოლოა დამოუკიდებელი სახელმწიფოსი, როგორც დროშა, გერბი, ჰიმნი და ფული. ამიტომაც, ამ მარკის გამოშვებით ქართულმა მთავრობამ ლეგიტიმაცია შესძინა ქვეყნის დამოუკიდებლობას.  ამ მარკამ, ისევე, როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ, დიდხანს ვერ იარსება. 1922 წელს საქართველომ უკვე საბჭოთა მარკების ემისია განახორციელა. ამ დროიდან  საბჭოთა კავშირის დაშლამდე გამოდიოდა მარკები საქართველოს სიუჟეტებით და ქართველი მოღვაწეების გამოსახულებით, მაგრამ არც ერთ მათგანზე არ იყო მოხსენიებული „საქართველო". ყველა მათგანზე იყო რუსულენოვანი წარწერა „სსრკ-ს ფოსტა".

1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ კვლავ აქტუალური გახდა ქართული ეროვნული მარკების გამოცემა, როგორც ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ერთ-ერთი დამადასტურებელი ნიშანი. 1993 წელს საქართველოს ფოსტამ თითქმის 70 წლის შემდეგ, პირველად გამოსცა ქართული ეროვნული საფოსტო მარკების სერია „საქართველო გაეროს წევრი", რომელიც მიეძღვნა საქართველოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში გაწევრიანების პირველ წლისთავს. სწორედ აქედან იწყება ქართული მარკების უახლესი ისტორია.

მისამართი: ს.ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შ. რუსთაველის გამზ.3.

◆ მუზეუმი მუშაობს ყოველდღე ორშაბათის გარდა, 10:00-დან 17:30 საათამდე.