2018 წლის მიმოხილვა - საქართველოს ეროვნული მუზეუმი

09 იანვარი 2019
Share

ვენაში, ალბერტინას მუზეუმში შესვლისთანავე ხმამაღალ საუბარს მოისმენთ ჩვენს ქვეყანასა და კულტურაზე. უკვე რამდენიმე თვეა ნიკო ფიროსმანს პიკასოს, შაგალის, მონესა და მუნკის გვერდით ნახულობს მთელი მსოფლიო. 2018 წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა სწორედ რომ ქართველი გენიოსის გამოფენა გახდა მსოფლიოს კულტურულ ცენტრში. გასული წელი მართლაც რომ განსაკუთრებული იყო საქართველოს ეროვნული მუზეუმისთვის. ფიროსმანი ალბერტინაში, ოქრო, ღვინო და პირველი ევროპელები კი გერმანიაში, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე.

ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ათასობით დამთვალიერებლის წინაშე გაცოცხლდა ისტორიები საქართველოზე, როგორც პირველი ევროპელების სამშობლოზე, ღვინის უძველესი წარმოების ტრადიციაზე, მედეას სიყვარულსა და ოქროს საწმისზე. საქართველო მარსელში, დიუსელდორფსა და ბაქოშიც გაიცნეს. ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე მდებარე ქვეყანა მომენტალურად იქცა ტურისტებისთვის ყველაზე სასურველ ადგილად. 

უკვე ქვეყანაში ჩამოსულ ტურისტს და ადგილობრივ დამთვალიერებელს არაერთი საერთაშორისო გამოფენა შევთავაზეთ. რამდენიმე მათგანი მალევე იქცა "Blockbuster"-ად. მათ შორის ლეონარდო და ვინჩის, მიქელანჯელოს, რაფაელის, ტიციანის, ბერნინისა და სხვა დიდი იტალიელი ოსტატების გამოფენები. არც თანამედროვე ხელოვნების მოყვარულებს დავწყვიტეთ გული. ისევ და ისევ ეროვნულ გალერეაში მათ მიქელანჯელო პისტოლეტოს სარკეში დაინახეს თავიანთი თავი. ფილმების მოყვარულებმა ადრიან ტრანკვილის ბეტმენი გაიცნეს. ფრიდა კალოსა და დიეგო რივერას ფოტოგამოფენამ კი სიღნაღისა და თბილისის მუზეუმების სტუმრები მონუსხა.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 100 წელი და კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წელი - ამ თარიღებს არაერთი გამოფენა და საჯარო ლექცია მივუძღვენით. მათ შორის იყო „კავკასიის ბიომრავალფეროვნება" - საბუნებისმეტყველო მუზეუმის პირველი გამოფენიდან 150 წლის შემდეგ, დამთვალიერებლისთვის წარმოვადგინეთ ეროვნული მუზეუმის კოლექციებში დაცული კავკასიაში უნიკალური და უმდიდრესი გეოლოგიური, ბოტანიკური და ზოოლოგიური კოლექციები, იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ან უკვე გადაშენებული სახეობები. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილი ეს გამოფენა დღეს დიდი პოპულარობით სარგებლობს ბავშვებში.  

გამოფენების პარალელურად სხვადასხვა ასაკის მოსწავლეები ჩაერთნენ მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრის მიერ მომზადებულ პროგრამებში და თამაშ-თამაშით გაეცნენ ჩვენი ქვეყნის კულტურასა და ისტორიას. გარდა ამისა, ბევრ ჩვენგანს საშუალება მიეცა შეხვედროდა და მოესმინა მისთვის სასურველი ქართველი და უცხოელი სპიკერისთვის.

წელს პირველად ეროვნული მუზეუმის კვირეული, ღონისძიებების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, მუზეუმის ფესტივალად გადაიქცა. მაისი მუზეუმის მოყვარულებისთვის გახდა გამორჩეული თვე, რომელიც დატვირთულია გამოფენებით, ლექციებით, საერთაშორისო კონფერენციებითა და საგანმანათლებლო პროგრამებით. ფესტივალის ფარგლებში პირველად გაიმართა „მუზეუმის ფორუმი" - შეიქმნა სასაუბრო პლატფორმა ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისთვის.

წელს კიდევ ერთხელ შევახსენეთ დამთვალიერებელს „წითელი ტერორი" და მისი გავლენა, იმ პერიოდის ქართულ ხელოვნებაზე. გამოფენა ,,წითელი ტერორი და ქართველი მხატვრები" დამთვალიერებელს ოკუპაციის საგამოფენო დარბაზში ახლაც მასპინძლობს.

წარსულის შენარჩუნება, სინამდვილესთან ზიარება და მომავლის ხედვა - ეს არის გამოწვევები, რომელთა წინაშეც დგას მუზეუმი, როგორც საგანძური და ცოდნის კერა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვასთან ერთად ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია ტექნოლოგიური ინოვაციების ისტორიის შესწავლა, რომელთა შესაძლებლობას მუზეუმის კოლექციებში დაცული არაერთი უნიკალური არტეფაქტის ექსპერიმენტული კვლევა იძლევა. სწორედ თრიალეთში აღმოჩენილი ძვ.წ. II ათასწლეულის ოქროს პოლიქრომიული თასის ექსპერიმენტული კვლევის შედეგებს გვაცნობს ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული გამოფენა „ოქროდ ქცეული სიბრძნე".

ძმები ზუბალაშვილების უნიკალური არქივით გამდიდრდა ეროვნული მუზეუმის კოლექციები. გადმოგვეცა ქაქუცა ჩოლოყაშვილის ჩოხა, არაერთი მნიშვნელოვანი ისტორიული ნივთი შემოგვწირეს ქართველმა და უცხოელმა მოქალაქეებმაც. 

ყველა ზემოთ აღნიშნული ღონისძიება ეროვნული მუზეუმის გუნდისა და ჩვენი ადგილობრივი თუ საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით ხორციელდება. ჩვენ ვაგრძელებთ ახალი გზების ძიებას ისეთი მულტიფუნქციური სივრცის შესაქმნელად, რომელიც თქვენთვის საყვარელ ადგილად იქცევა.

2018 წელს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ 215 ღონისძიება გაიმართა: 41 ადგილობრივი და 18 საერთაშორისო გამოფენა ეროვნული მუზეუმის თბილისისა და რეგიონულ მუზეუმებში; ჩატარდა 38 საგანმანათლებლო პროგრამა; 41 საჯარო ლექცია და საერთაშორისო კონფერენცია; გასული წელი დატვირთული იყო სამეცნიერო კვლევებით, არქეოლოგიური აღმოჩენებით, წიგნის პრეზენტაციებით, ფილმების ჩვენებით, სიმფონიური ორკესტრის კონცერტებით და სხვა.

დიდი მადლობა ჩვენს 400 000-ზე მეტ ვიზიტორს საქართველოში, დაახლოებით ამდენივეს ერთად მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში და 110 000-ზე მეტ მეგობარს სოციალურ ქსელებში. 

საქართველოს ეროვნული მუზეუმის 2018 წლის ღონისძიებები სრულად