უშანგი ხუმარაშვილის ნამუშევრების გამოფენა

30 ნოემბერი 2018
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმი, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, წარმოგიდგენთ უშანგი ხუმარაშვილის საუბილეო გამოფენას „უშანგი ხუმა 70".

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის როგორც ადრეული, ისე უახლესი ნამუშევრები, მისი შემოქმედების ერთგვარი რეტროსპექტივა.

უშანგი ხუმარაშვილი 1948 წელს დაიბადა. სწავლობდა აპლონ ქუთათელაძის თბილისის სამხატვრო აკადემიაში ფერწერის განხრით. მუშაობდა თელავის დრამატულ თეატრში. 1970-იანი წლებიდან მონაწილეობს გამოფენებში. აღსანიშნავია, რომ მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენა 1994 წელს სწორედ ეროვნულ გალერეაში შედგა. რის შემდგომაც მხატვრის გამოფენები რეგულარულად იმართება საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. მხატვარი არაერთი საერთაშორისო პროექტის, ფესტივალისა და ბიენალეს მონაწილეა. 

მისი მხატვრული ტრადიციები კლასიკურ ავანგარდს წარმოადგენს. მძიმე საბჭოური მემკვიდრეობა და სოცრეალიზმი მხატვრის შემოქმედებას ჩაკეტილ სივრცეში ამყოფებდა. მხატვრობის ძირითადი ეტაპი 1970-80-იანი წლებიდან იწყება, რამაც უშანგი ხუმარაშვილი ექსპრესიულ აბსტრაქციონისტად ჩამოაყალიბა. 

გამოფენის გახსნა: 4 დეკემბერი, 17:00 საათი.
გამოფენის ხანგრძლივობა: 4 დეკემბერი, 2018 - 20 იანვარი, 2019
მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზ. 11