გამოფენა "Evidence. A New State of Art"

24 მაისი 2018
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმი და იტალიის საელჩო საქართველოში, მუზეუმის ფესტივალის ფარგლებში, წარმოგიდგენთ გამოფენას "Evidence. A New State of Art". 

25 მაისიდან, ეროვნული გალერეა უმასპინძლებს გარუცოს ვიზუალური ხელოვნების ინსტიტუტის (IGAV) გამოფენას - თანამედროვე იტალიელი არტისტების მიერ 1950-იანი წლებიდან დღემდე შექმნილ ნამუშევრებს. 

დრო, ისტორია, მეხსიერება - ხელოვნებაში გზის ძიება-გაკვალვისთვის და თანამედროვე ხელოვნების მიმართულებების განსაზღვრისთვის ყოველთვის მთავარი ქრონოგრაფიული სივრცე იყო. აზროვნებისა და ხედვების სხვადასხვაობა დღევანდელი იტალიური ხელოვნების მრავალმნიშვნელოვან და კრებით სურათს ქმნის. 

გამოფენა აღწერს იტალიელი არტისტების ძიებებს - ანალიზს, საზღვრების რღვევას, ხან ნამდვილ, ხან კი წარმოსახვით სიბრტყეებს, რომლებშიც „დროის ფორმებს" ყოველთვის დიდი ადგილი უჭირავს. ეს გამოფენა ასახავს რაციონალობიდან ლირიზმამდე, მასალიდან პერფორმანსამდე, თხევადობიდან სიმკვრივემდე გადასვლის მრავალრიცხოვან ცდას.

გამოფენაში მონაწილეობს 18 იტალიელი მხატვარი: ნინო მილიორი, მიქელანჯელო პისტოლეტო, ჯულიო პაოლინი, მიმო პალადინო, ლუიჯი მაინოლფი, მარიზა ალბანეზე, ეუჯენიო ჯილიბერტი, პიერლუიჯი პუზოლე, ბოტო & ბრუნო, ალბერტო დი ფაბიო, ადრიან ტრანკვილი, პაოლო გრასინო, მარცია მილიორა, პერინო & ველე, ჯუზეპე სტამპონე, დომენიკო ანტონიო მანჩინი, ელიზა სტრინა და ფაბრიციო კოტონინი. გამოფენა გვაცნობს არტისტების განსხვავებულ სამყაროებს, მათ ხედვებსა და უჩვეულო ექსპერიმენტებს, ასევე თანამედროვე იტალიური ხელოვნების მოკლე ისტორიას, სადაც იკვეთება უამრავი სხვადასხვა გამომსახველობითი ენა, ტექნიკა, ხელწერა და სიმბოლო. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი სხვადასხვა მედია - ნახატი, ქანდაკება, ფოტოგრაფია, ვიდეო და ინსტალაცია - თანამედროვე იტალიური ხელოვნების ჭრელი და მრავალსახოვანი სამყაროს სურათს ქმნის.

აღნიშნული პროექტი იტალიის საელჩოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია და ხორციელდება საქართველოს მთავრობის პროექტ Check-in-Georgia-ს ფარგლებში. ინიციატივას მხარს უჭერს: იტალიური მხრიდან - იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო და პროგრამა "VivereALL'Italiana". ქართული მხრიდან - კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. გამოფენების მხარდამჭერები არიან: DBA, Salini Impregilo, ვითიბი ბანკი, Leonardo, Gulf, Anas.

გამოფენის ხანგრძლივობა: 25 მაისი - 26 აგვისტო
მისამართი: დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზ. 11


◆ გალერეა მუშაობს ყოველდღე ორშაბათის გარდა, 10:00-დან 17:30 საათამდე.
შესასვლელი ბილეთის საფასური: 
მოზრდილი 7 ლარი;
სტუდენტი 1 ლარი;
სკოლის მოსწავლე 50 თეთრი;
პენსიონერი 50 თეთრი;
ბავშვი 6 წლამდე უფასო;

*ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელია ელექტრონულად ვებგვერდზე: biletebi.ge 

შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით მუზეუმში შესვლა უფასოა:
ICOM-ის წევრებისთვის, მუზეუმის მეგობრებისთვის, საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო მუზეუმების თანამშრომლებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებულთათვის.