მუზეუმის ფესტივალი: MAGNUM Photo 70 - რობერტ კაპა 1947, თომას დვორჟაკი 2017"

15 მაისი 2018
Share

15-30 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, წარმოგიდგენთ საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფესტივალს! ფესტივალი ეძღვნება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს. 

ფესტივალის ფარგლებში, სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმი უმასპინძლებს გამოფენას "MAGNUM Photo 70 - ქართული დღიური: რობერტ კაპა 1947, თომას დვორჟაკი 2017". 

2017 წელს ფოტოგრაფების პირველი მსოფლიო გაერთიანება MAGNUM PHOTOS 70 წლის გახდა. ასევე 70 წელი შესრულდა მას შემდეგ რაც MAGNUM PHOTOS დამაარსებელმა, ცნობილმა ომის ფოტოგრაფმა, რობერტ კაპამ და ამერიკელმა ნობელიანტმა მწერალმა, ჯონ სტეინბეკმა იმოგზაურეს საბჭოთა კავშირის სამ ქვეყანაში - რუსეთში, უკრაინასა და საქართველოში. 

რობერტ კაპამ და ამერიკელმა მწერალმა ჯონ სტეინბეკმა, საბჭოთა კავშირში 1947 წელს, ცივი ომის ადრეულ პერიოდში იმოგზაურეს და ამ მოგზაურობის ამსახველი მასალა შეაგროვეს. მათი უპირველესი მიზანი საბჭოთა პერიოდში მცხოვრები ადამიანების რეალური ყოფის, მათი ქცევისა და ცხოვრების წესის წარმოდგენა გახლდათ. მოგზაურობის შედეგად შექმნილი მასალა მსოფლიოსთვის უცნობი „საბჭოთა ადამიანის" ცხოვრების შესახებ გამოქვეყნდა „New York Herald Tribune-სა და „Ladies Home Journal"-ში. ასევე გამოიცა ჯონ სტეინბეკის წიგნი „რუსული დღიური", რომელსაც თან ახლდა რობერტ კაპას მიერ მოგზაურობისას გადაღებული ფოტოები.

დაარსებიდან 70 წლის იუბილეს აღსანიშნავად, MAGNUM PHOTOS სააგენტომ წამოიწყო ახალი პროექტი - „MAGNUM RETOLD" („მაგნუმის ისტორიების კვალდაკვალ"), რომელიც ფოტოგრაფიის ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენების თავიდან გადაღებას ითვალისწინებს. „MAGNUM PHOTOS-მა", ამ ისტორიის კვალდაკვალ, თანამედროვე, ყოვლისმომცველი ვიზუალური ტილოს შექმნა მიანდო გერმანელი ფოტოგრაფის, MAGNUM PHOTOS დღევანდელ პრეზიდენტს, რუსეთისა და პოსტსაბჭოთა სივრცის მცოდნეს თომას დვორჟაკს და ცნობილ ბრიტანელ ჟურნალისტს, "Telegraph-ის" მოსკოვის ბიუროს ყოფილ ხელმძღვანელს, კოსოვოს, ერაყის და ბალკანეთის კონფლიქტების საერთაშორისო მიმომხილველს, ჯულიუს შტრაუსს. 

2017 წლის სექტემბერში, საქართველომ პირველმა უმასპინძლა ახალი პროექტის "რუსული დღიურის კვალდაკვალ" ფარგლებში გადაღებულ ფოტოებს. პროექტის წარმდგენი იყო MAGNUM PHOTOS და თიბისი ბანკი. 2017 წლის ნოემბერ-დეკემბერში, პროექტის პრეზენტაციები ასევე გაიმართა ლონდონსა და ნიუ იორკში.

ამჯერად, სვანეთის მუზეუმში, დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება ერთ სივრცეში იხილოს რობერტ კაპას (1947) და თომას დვორჟაკის (2017) მიერ საქართველოში მოგზაურობისას შექმნილი ფოტომასალა. 

მნიშვნელოვანია, რომ ამ გამოფენაზე პირველად გამოიფინება რესტავრირებული რობერტ კაპას კოლექცია, რომელსაც საკონსერვაციო სამუშაოები ჩაუტარდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის სპეციალისტების მიერ, თიბისი ბანკის მხარდაჭერით. 

გამოფენის პარტნიორები არიან Magnum Photos და TBC - თიბისი

გამოფენის კურატორია MAGNUM PHOTOS წარმომადგენელი საქართველოში - ეკა ენუქიძე. 

ამოფენის გახსნა: 19 მაისი, 21:00 - 01:00 (ღამე მუზეუმში)
გამოფენის ხანგრძლივობა: 19 მაისი - 19 აგვისტო
მისამართი: სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმი, ა. იოსელიანის ქ. 7, მესტია. 


გამოფენის გახსნაზე დასწრება თავისუფალია! 

შესასვლელი ბილეთის საფასური მომდევნო დღეებში: 
მოზრდილი 7 ლარი;
სტუდენტი 1 ლარი;
სკოლის მოსწავლე 50 თეთრი;
პენსიონერი 50 თეთრი;
ბავშვი 6 წლამდე უფასო;

მუზეუმი მუშაობს ყოველდღე ორშაბათის გარდა, 10:00-დან 17:30 საათამდე.

*ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელია ელექტრონულად ვებგვერდზე: biletebi.ge 

შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით მუზეუმში შესვლა უფასოა:
ICOM-ის წევრებისთვის, მუზეუმის მეგობრებისთვის, საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო მუზეუმების თანამშრომლებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებულთათვის.