მუზეუმის ფესტივალი: ,,ტიციანი - ფერთა ოსტატი: ღვთისმშობელი ყრმით"

15 მაისი 2018
Share

15-30 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, წარმოგიდგენთ საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფესტივალს! ფესტივალი ეძღვნება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს. 

ფესტივალის ფარგლებში, 15 მაისიდან, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა უმასპინძლებს გამოფენას „ტიციანი - ფერთა ოსტატი: ღვთისმშობელი ყრმით".

ტიციანო ვეჩელიო 1485-1490 წლებში დაიბადა იტალიაში, ვენეტოს რეგიონის ქალაქ პიევე დე კადორეში. ჯერ კიდევ სრულიად გამოუცდელი და ახალგაზრდა ჩავიდა ვენეციაში, სადაც მალევე უდიდეს მხატვრად ჩამოყალიბდა. ტიციანის შემოქმედება, ლეონარდო და ვინჩის, მიქელანჯელო ბუანაროტისა და რაფაელის მსგავსად, მაღალ რენესანსს მიეკუთვნება. 

„ვენეციელი ფერმწერის" ხელოვნება მრავალმხრივია, ფართოდ ეხმიანება თავისი ეპოქის რეალობას და მის ღრმა, დრამატული კონფლიქტების არსს გამოხატავს. ხელსაყრელი მდებარეობისა და პოლიტიკური ურთიერთობების გამო, იტალიის ფერწერის სხვა სკოლებთან შედარებით, ვენეციის სკოლა ყველაზე ორიგინალურია, რასაც აღმოსავლეთისა და დასავლეთის ტრადიციების ფარული წონასწორობა განსაზღვრავს. ვენეციელი მხატვრები საკუთარ ნაწარმოებებში დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ფერწერულ საწყისს, სრულყოფილად ფლობდნენ ზეთის ფერწერის სახვით შესაძლებლობებს, მიწიერ გრძნობებსა და ემოციებს უშუალოდ გამოსახავდნენ. 

1750 წელს დაფუძნებული ვენეციის აკადემიის გალერეა, იგივე აკადემიის მუზეუმი, მსოფლიოში ერთ-ერთი მდიდარი და გამორჩეული კოლექციის მფლობელია. მის 25 საგამოფენო დარბაზში ექსპონირებულია XIV-XVIII საუკუნეების ვენეციის ფერწერის სკოლის უმდიდრესი კოლექცია - პაოლო ვენეციანოს, კარლო კრიველის, ჯენტილე და ჯოვანი ბელინების, ჯორჯონეს, ტიციანის, კანალეტოს, ტიეპოლოს, ვერონეზეს, ტინტორეტოს, ასევე ნიდერლანდელი ბოსხისა და მრავალი სხვა მხატვრის შედევრები.

ტიციანის მიერ 1560-1565 წლებში შესრულებული „ღვთისმშობელი ყრმით", იგივე ალბერტინის მადონა, ვენეციის აკადემიის გალერეის კოლექციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ექსპონატია. სურათი წარმოგვიდგენს ღვთისმშობელს ახალგაზრდა, კეთილშობილი ქალის სახით, რომელსაც მუხლებზე უწევს ყრმა ქრისტე. შესრულების თავისუფალი ფერწერული მანერა ტიციანის შემოქმედების ე.წ. გვიანდელი პერიოდისთვისაა (1560-იანი წლებიდან 1576 წლამდე) დამახასიათებელი. ტიციანმა თავისი ხანგრძლივი შემოქმედებითი ცხოვრების განმავლობაში ღვთისმშობლის მრავალი მხატვრული სახე შექმნა, შემოქმედების ყოველ ცალკეულ ეტაპზე ამ თემაზე შექმნილი სურათები მხატვრის ფერწერულ ძიებათა გამომხატველია.

აღნიშნული გამოფენა არის დიდი პროექტის ნაწილი, რომლის ფარგლებშიც ასევე იგეგმება ლეონარდო და ვინჩის, რაფაელისა და სხვა დიდი იტალიელი მხატვრების გამოფენები საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.

აღნიშნული პროექტი იტალიის საელჩოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია და ხორციელდება საქართველოს მთავრობის პროექტ Check-in-Georgia-ს ფარგლებში. ინიციატივას მხარს უჭერს: იტალიური მხრიდან - იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო და პროგრამა "VivereALL'Italiana". ქართული მხრიდან - კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. გამოფენების მხარდამჭერები არიან: DBA, Salini Impregilo, ვითიბი ბანკი, Leonardo, Gulf, Anas.

გამოფენის ხანგრძლივობა: 15 მაისი - 5 აგვისტო
მისამართი: დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზ. 11


*გალერეა მუშაობს ყოველდღე ორშაბათის გარდა, 10:00-დან 17:30 საათამდე.

შესასვლელი ბილეთის საფასური: 
მოზრდილი 7 ლარი;
სტუდენტი 1 ლარი;
სკოლის მოსწავლე 50 თეთრი;
პენსიონერი 50 თეთრი;
ბავშვი 6 წლამდე უფასო;

*ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელია ელექტრონულად ვებგვერდზე: biletebi.ge 

შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით მუზეუმში შესვლა უფასოა:
ICOM-ის წევრებისთვის, მუზეუმის მეგობრებისთვის, საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო მუზეუმების თანამშრომლებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებულთათვის. 

◆ შეგახსენებთ, რომ 18 მაისს (10:00 - 5:30) და 19 მაისს (21:00 - 01:00) საქართველოს ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შემავალ ყველა მუზეუმში შესვლა თავისუფალია!