საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ანისი გზაჯვარედინზე“

16 ნოემბერი 2017
Share

2017 წლის 17-19 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ანისი გზაჯვარედინზე".

ანისი - ათას ერთი ეკლესიის ქალაქი (ამჟამად თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორია) საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა იმ გზაჯვარედინს, სადაც სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და ეთნოკულტურული ინტერესები იკვეთებოდა. შედეგად, საუკუნეების მანძილზე ქალაქი ჩამოყალიბდა სწორუპოვარ მრავალკულტურულ გარემოდ, რომლის შექმნაშიც, სომხურისა და ბიზანტიურის თანაგვარად, ასევე აქტიურად მონაწილეობდა ისლამური, სახელდობრ სელჩუკური და ქართული ელემენტებიც.

ანისის ნაქალაქარი და მისი შემოგარენი დიდი ხანია იქცა მეცნიერთა, სიძველეებით დაინტერესებულ მკვლევართა, მომლოცველთა და მოგზაურთა საგანგებო ინტერესის საგნად; თუმცა, ამ ისტორიული მხარის ცნობადობა განსაკუთრებით მას შემდგომ გაიზარდა, რაც იგი თურქეთის სახელმწიფომ UNESCO-ს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში მულტიკულტურული ფენომენის ნიშნით წარადგინა. აღნიშნულის გათვალისწინებით, მრავალმხრივ მნიშვნელოვანი გახდა ანისის მრავალფეროვან გარემოში ქართველთა კვალის გამოყოფა და საქართველოს, როგორც აქტიური მონაწილის წარმოჩენა ამ გარემოს შექმნისა და ჩამოყალიბების პროცესში.

კონფერენციაში, ქართველ სპეციალისტებთან ერთად მონაწილეობენ მკვლევარები ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების, აგრეთვე სომხეთისა და თურქეთის სხვადასხვა სამეცნიერო და სასწავლო ცენტრებიდან. კონფერენციის ფარგლებში ეწყობა ორი გამოფენა: საქართველოს ეროვნულ მუზეუმში წარმოდგენილი იქნება ანისის ნაქალაქარის ამსახველი ძველი და იშვიათი ფოტოები მუზეუმის კოლექციებიდან. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმში კი გამოიფინება თურქი ფოტოხელოვანის, ვედათ აკჩაიოზის ფოტოები, რომლებზეც ანისის ძეგლებია აღბეჭდილი.

კონფერენცია ტარდება ივანე ჯავახიშვილი სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიის და თეორიის ინსტიტუტის სამეცნიერო პროექტის „ანისი: ქართული კულტურული მემკვიდრეობა" ფარგლებში.

მიმაგრებული დოკუმენტები :
კონფერენციის პროგრამა