ალექსანდრე ბაჟბეუკ-მელიქოვის გამოფენა

04 იანვარი 2017
Share

2017 წლის 10 იანვარს 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გიწვევთ ალექსანდრე ბაჟბეუკ-მელიქოვის დაბადებიდან 125 წლისთავისა და გარდაცვალებიდან 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენაზე.

ალექსანდრე ბაჟბეუკ-მელიქოვი XX საუკუნის ქართული სახვითი ხელოვნების თვალსაჩინო წარმომადგენელია. ეთნიკურად სომეხმა, თბილისის ძირძველმა მკვიდრმა, მთელი ცხოვრება საქართველოში გაატარა და მტკიცე საფუძველი შეუქმნა ახალი და უახლესი ქართული ფერწერის განვითარებას. ბაჟბეუკ-მელიქოვის შემოქმედებითი მემკვიდრეობა, თავისი ესთეტიკური ღირებულებითა და სპეციფიკური მხატვრული გამომსახველობით, ქართულ სახვით ხელოვნებაშიც თავისებურ ეტალონად რჩება.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ალექსანდრე ბაჟბეუკ-მელიქოვის საქართველოში დაცული ნამუშევრები საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან (შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი და დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა); გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმიდან; საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის ფონდებიდან და კერძო კოლექციებიდან.

გამოფენა ხორციელდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, სომხეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს და სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის მხარდაჭერით.

გამოფენა 2017 წლის 24 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, რუსთაველის გამზირი 11.