გურამ ცერცვაძის პერსონალური გამოფენა

12 სექტემბერი 2016
Share

2016 წლის 14 სექტემბერს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გიწვევთ გურამ ცერცვაძის პერსონალური გამოფენის გახსნაზე.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება გურამ ცერცვაძის მიერ ბოლო პერიოდში შექმნილი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები. ექსპოზიციაზე წარმოდგენილ ნამუშევრებში იგრძნობა არტისტის ინტერესი განზოგადებული ფორმებისადმი, მისი რომანტიულობა და მაძიებელი ბუნება. გურამ ცერცვაძის შემოქმედება ჟანრობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მხატვარი მუდმივად ილტვის სიახლისკენ, თუმცა რჩება თავისი ინდივიდუალური შემოქმედებითი სტილის ერთგული.

გურამ ცერცვაძე საქართველოს მხატვართა ეროვნული შემოქმედებითი გაერთიანების თავმჯდომარეა. მისი ხელშეწყობით მრავალი საგამოფენო პროექტი განხორციელდა, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

გურამ ცერცვაძის ნამუშევრები დაცულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ფონდებში, გალერეებსა და კერძო კოლექციებში.

გამოფენა 2016 წლის 1 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

მისამართი: შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, გუდიაშვილის ქუჩა 1.