თემო ჯავახის რეტროსპექტული გამოფენა

21 ივლისი 2016
Share

2016 წლის 5 აგვისტოს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გიწვევთ თემო ჯავახის რეტროსპექტული გამოფენის გახსნაზე: სიტყვა ობიექტები - "MIRRORRIM".

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თემო ჯავახის მიერ სხვადასხვა მედიაში შესრულებული 140-მდე ნამუშევარი.

თემო ჯავახი ქართული თანამედროვე ხელოვნების წარმომადგენელია. ის ცნობილია მრავალფეროვანი ექსპერიმენტებით. მისი შემოქმედება პირდაპირ ასახავს ავტორის დამოკიდებულებას ადგილობრივ კონტექსტში მიმდინარე მოვლენებთან.

მხატვარს შექმნილი აქვს ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, ქმნის ინსტალაციებს, ვიდეო არტს, მხატვრულ ობიექტებს, დგამს პერფორმანსებს, მუშაობს ფოტოგრაფიაში და ა.შ. მხატვარი უარყოფს ერთსახოვან მხატვრულ სტილისტიკას და სხვადასხვა თემატიკის ხელოვნების ნაწარმოებებს შესატყვის მხატვრულ ფორმასა და კონტექსტს უთავსებს.

თემო ჯავახის შემოქმედებაში ხშირია ნიშნები, ანბანის ცალკეული ასოები, კონტექსტუალური ტექსტები, ციფრები, კარტოგრაფიული სილუეტები, სიმბოლური გამოსახულებები - ერთგვარი შიფრები, რომელთაც გარკვეული გზავნილები მოაქვთ. თემო ჯავახი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სიტყვას და ქმნის ,,სიტყვა ობიექტებს", რომლებიც მის სავიზიტო ბარათად იქცა.

მხატვარი აქტიურადაა ჩართული ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებში, მონაწილეობა აქვს მიღებული 80-მდე პროექტში ისეთი ცნობილი ხელოვანების გვერდით, როგორებიც არიან: დ. კაკაბაძე, ს. ფარაჯანოვი, მ. დუშანი, კ. მალევიჩი, ლე კორბუზიე და მრავალი სხვა.                                                                                                                                                                       

თემო ჯავახს გამოცემული აქვს 2 მინიმალისტური და კონკრეტული პოეზიის კრებული. მისი პოეზია ნათარგმნია გერმანულ, სლოვაკურ, რუსულ და აზერბაიჯანულ ენებზე.

ავტორის ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, პომპიდუს ცენტრში, „მ. გელმანის" გალერეის კოლექციაში და საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების კერძო კოლექციებში.

თემო ჯავახის გამოფენა 2016 წლის 25 აგვისტომდე გაგრძელდება.

გამოფენის მხარდამჭერია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი. 

მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შ.რუსთაველის გამზ. 11