გამოფენა „სულიერი გზავნილები”

31 მაისი 2016
Share

2016  წლის 3 ივნისს  18:30 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი, ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში და  ფონდი "AMATERAS" გიწვევთ დანიელა ტოდოროვას გამოფენის გახსნაზე "სულიერი გზავნილები".

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ბრინჯაოსა და ქაღალდის ექსპონატები, რომლებიც ალეგორიულად წარმოსახავს უძველესი თრაკების, ხუნობულგარელების, ბოგომოლიტების, ქრისტიანული მიღწევების, გლაგოლიცის და უძველესი ბულგარული კალენდრის თავისებურებებს. ნამუშევრები წარმოაჩენს  ბულგარეთის უძველეს მემკვიდრეობას მთელი მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის კონტექსტში.

გამოფენა წარმოადგენს ფესტივალის „სოფია საზღვარგარეთ"  ნაწილს. პროექტის ძირითადი ფოკუსია მზის სიმბოლიკა, უძველესი დროის ბულგარული სულიერი სწავლება, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა ევროპის განვითარებასა და მის სულიერ ფასეულობათა სისტემის ჩამოყალიბებაში.

დანიელა ტოდოროვას ნამუშევრები ინსტალაციის ნაწილია, რომელიც იწვევს სიძველის, სიწმინდისა და საიდუმლოების განცდას. დარბაზის განათება კი აძლიერებს წარმოდგენილი ექსპონატების მისტიურობას, რომელიც უხილავი ძაფით უკავშირდება ისეთ უძველეს კულტურებს, როგორებიცაა ეგვიპტე, მესოპოტამია, ასურეთი, კოლხეთი, რომი, ჩინეთი, ინდოეთი, იაპონია და სხვანი.

საქართველოს შემდეგ ექსპოზიციას ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში გაეცნობიან.

გამოფენა 2016 წლის 15 ივნისამდე გაგრძელდება.

მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა). სიონის ქუჩა, 8.