მანანა მენაბდის ფოტოგამოფენა "ილუზიები"

23 მარტი 2016
Share

2016 წლის 24 მარტს 18:30 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში გიწვევთ მანანა მენაბდის ფოტოგამოფენაზე - „ილუზიები".

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დღემდე მხატვრის მიერ  სხვადასხვა მოტივებზე აგებული ფოტოსერიები: ტანგოს ლანდები, მანეკენი და სიცოცხლე, გრაფიკული ფოტოები, ფერწერული ფოტოები, აკვარელი, პასტელი, შუქ-ჩრდილები.

მანანა მენაბდე მუსიკოსი, მხატვარი, ფოტოგრაფი და რეჟისორია.  1991 წლიდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ბერლინში. ხელოვანი მუშაობდა როგორც ფერწერასა და გრაფიკაში, ასევე ქმნიდა კოლაჟებს. მხატვარი გერმანიაში, რუსეთსა და საქართველოში არაერთი კონცერტის, გამოფენისა თუ პერფორმანსის მონაწილე იყო.

მანანა მენაბდე ფოტოგრაფიით 70-იან წლებში დაინტერესდა. 2013 წელს გამოვიდა კრებული „სიყვარულის ახსნა რუსულად", სადაც ავტორის 100-მდე ფოტონამუშევარი შევიდა.

გამოფენის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი და არასამთავრობო ორგანიზაცია "Art & Society".

გამოფენა 2016 წლის 15 აპრილამდე გაგრძელდება.

მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქუჩა 8.