დმანისში აღმოჩენილი მეხუთე თავის ქალის მიხედვით შექმნილი ქანდაკების პრეზენტაცია

13 ნოემბერი 2015
Share

2015 წლის 14 ნოემბერს 16:00 საათზე „მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეულის" ფარგლებში გაიმართება ცნობილი ამერიკელი პალეო-არტისტის, ჯონ ანტონი გურჩის მიერ დმანისში აღმოჩენილი მეხუთე თავის ქალის მიხედვით შექმნილი ქანდაკების საზეიმო პრეზენტაცია.

ქანდაკება გახლავთ ზუსტი მეცნიერული ასახვა იმისა თუ როგორ გამოიყურებოდა მილიონ 800 ათასი წლის წინ უძველესი ადამიანი.

აღნიშნული თავის ქალა პირველია, რომლის მიხედვითაც მეცნიერებს შეუძლიათ აქამდე უცნობი ადრეული ადამიანის ანატომიის შესწავლა (თავის ქალის ტვინის მოცულობა დმანისელებს შორის ყველაზე მცირეა (546 სმ3), რაც დაახლოებით თანამედროვე ადამიანის ტვინის ერთი მესამედია. მას ყველაზე მასიური, წინ წამოწეული სახე და დიდი კბილები აქვს). ეს ნიმუში ზრდასრული ინდივიდის ერთადერთი საუკეთესოდ შემონახული თავის ქალაა.

დმანისის კოლექცია მეცნიერებს პირველად აძლევს საშუალებას დააკვირდნენ და შეისწავლონ 1.8 მილიონი წლის წინანდელი პოპულაცია. ინფორმაცია დმანისის აღმოჩენების შესახებ არაერთხელ ყოფილა გაშუქებული ისეთ სამეცნიერო და პოპულარულ გამოცემებში როგორებიცაა: Science, Independent, National Geographic, Le Figaro, New York Times, BBC, CNN, Guardian და სხვა.

2013 წელს Science-ში დაიბეჭდა სტატია ,,სრული თავის ქალა დმანისიდან და ადრეული ჰომოს ევოლუციური ბიოლოგია" - სტატიის თანაავტორები ქართველი მეცნიერები დავით ლორთქიფანიძე, აბესალომ ვეკუა და ანი მარგველაშვილი არიან.  ასევე აღსანიშნავია რომ, 2000 წლის მსოფლიოს ათ უმნიშვნელოვანეს არქეოლოგიურ აღმოჩენათა შორის დმანისის პალეოანთროპოლოგიური მონაპოვარი მესამე ადგილზე იქნა დასახელებული.

პალეო-არტისტი ჯონ გურჩი გამოირჩევა თავისი ნამუშევრების სამეცნიერო სიზუსტითა და რეალისტური ასახვით. პალეონტოლოგიასა და ანთროპოლოგიაში მიღებული აკადემიური გამოცდილებით. გურჩის ნამუშევრები უკავშირდება რამდენიმე მიმდინარე კვლევას, მათ შორის პრიმატების ანატომიასა და განამარხების კოლექციებს მსოფლიო მასშტაბით.

ჯონ გურჩის ნამუშევრები წარმოდგენილია სმითსონიანის (აშშ), ჩიკაგოსა და ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმებში. მის მიერ შექმნილი რეკონსტრუქციები არაერთხელ ყოფილა ნაჩვენები National Geographic-ის, სმითსონიანის და BBC-ს დოკუმენტურ ფილმებში. ასევე, გვხვდება ისეთი გამოცემების გარეკანზე როგორიცაა: National Geographic, Discover და Natural History. ჯონ გურჩის მიერაა შექმნილი ნამუშევრები ცნობილი ფილმისათვის ,,იურული პერიოდის პარკი" და სხვა.

ქანდაკება დამზადდა და მისი საქართველოში ტრანსპორტირება  განხორციელდა კომპანია სილქნეტის მხარდაჭერით. კომპანია სილქნეტი დაარსების დღიდან აქტიურად უჭერს მხარს საგანმანათლებლო და შემეცნებით ინიციატივებს. სწორედ სილქნეტის მხარდაჭერით 2012 წელს საქართველოში გაიხსნა ჟურნალ National Geographic-ის რედაქცია, რის შედეგადაც ცნობილი ამერიკული შემეცნებითი ჟურნალი ქართულ ენაზე ათასობით მკითხველისთვის გახდა ხელმისაწვდომი.

მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზირი 3.