გამოფენა ,,ურთიერთობა, რომელმაც გაუძლო დროს“

03 ნოემბერი 2015
Share

2015 წლის 4 ნოემბერს საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიღნაღის მუზეუმში ევროკავშირის კულტურის კვირეული 2015-ის ფარგლებში, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, პროექტი ,,ერთად შევეგებოთ ევროპას" და საქართველოს ეროვნული არქივი გთავაზობთ ქართულ-ევროპული ურთიერთობებისადმი მიძღვნილ ფოტოგამოფენას.

გამოფენაზე წარმოდგენილი 145 ფოტო მოგვითხრობს ისტორიას ადამიანების შესახებ, რომლებიც ქვეყნის განვითარების მომავალს ევროპული ღირებულებების კონტექსტში ხედავდნენ. აქვე იხილავთ დასავლეთთან საქართველოს სამრეწველო პარტნიორობის ამსახველ ფოტოებს მიულსების ბელგიური ოჯახის ქართული ეპიზოდიდან. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ნიკო ნიკოლაძის, ვახტანგ ღამბაშიძისა და გიორგი (გიგლო) ყარალაშვილის ოჯახის ფოტოები. მე-20 საუკუნის შუა და გვიანი პერიოდის ევროპულ-ქართული კულტურულ-პოლიტიკური მიმოსვლის ქრონოლოგიას პრესის ფოტოგრაფები გადმოსცემენ.

საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული მე-20 საუკუნის ფოტოები გადმოგვცემენ ურთიერთობების ისტორიას, რომელმაც გაუძლო დროს ცარიზმის, დემოკრატიული რესპუბლიკისა და საბჭოთა ეპოქაში. მიუხედავად განსხვავებული მმართველობითი მოდელებისა და პოლიტიკური მდგომარეობისა დროთა განმავლობაში არ შეცვლილა ევროპულ სახელმწიფოებთან საქართველოს მეგობრობისა და თანამშრომლობის სურვილი.

გამოფენა 2015 წლის 4 დეკემბრამდე გაგრძელდება.

მისამართი: სიღნაღი, შოთა რუსთაველის ჩიხი 8