გურამ თიკანაძის ფოტოგამოფენა სვანეთის მუზეუმში

29 ივლისი 2015
Share

2015 წლის 29 ივლისს 13:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში გურამ თიკანაძის ფოტოგამოფენა გაიხსნა.

ცნობილი ქართველი ფოტოგრაფის გურამ თიკანაძის (1932-1963) შემოქმედებაში მთის სერიას ერთ-ერთი განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. იგი ფოტოგრაფიით ჯერ კიდევ სკოლის მოწაფეობის, ხოლო ალპინიზმით სტუდენტობის დროს დაინტერესდა. წლების განმავლობაში იკვლევდა საქართველოს მღვიმეებს, თუმცა საერთაშორისო აღიარება მას სწორედ ფოტოგრაფიამ და ალპინიზმმა მოუტანა.

გურამ თიკანაძის მიერ დატოვებული ფოტომემკვიდრეობა 15 ათასზე მეტ ნეგატივს ითვლის. ამჯერად გამოფენაზე წარმოდგენილია მისი ოჯახის არქივში დაცული 40 ნამუშევარი, რომელიც გურამ თიკანაძის თვალით დანახულ მთასა და სვანეთს წარმოგვიდგენს.

გურამ თიკანაძეს ფასდაუდებელი წვლილი მიუძღვის საქართველოში ფერადი ფოტოგრაფიისა და ფოტოჟურნალისტიკის დარგის განვითარებაში. იგი იყო ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ლიტერატურულ-მხატვრული ჟურნალის „დროშა" ფოტოკორესპონდენტი და თანამშრომლობდა პოლონეთის, ჩეხოსლოვაკეთის, იტალიისა და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის გამომცემლობებთან.

გურამ თიკანაძეს მონაწილოება აქვს მიღებული იტალიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, იაპონიაში, ბელგიაში, უნგრეთსა თუ ჰონგ-კონგში გამართულ გამოფენებსა და კონკურსებში. არანაკლებ შთამბეჭდავია მისი, როგორც მთამსვლელის კარიერა.

მისამართი: მესტია, ავთანდილ იოსელიანის ქუჩა N7.