ეროვნული გალერეის საკვირაო სკოლის საანგარიშო გამოფენა

11 ივნისი 2015
Share

2015 წლის 14 ივნისს, 14:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გიწვევთ ეროვნული გალერეის საკვირაო სკოლის საანგარიშო გამოფენაზე.

2014-2015 სასწავლო წელს ეროვნულ გალერეაში განხორციელდა ახალი საგანმანათლებლო პროექტი - ხელოვნების საკვირაო სკოლა. 8 თვიანი პროექტის ფარგლებში შედგა 2 ჯგუფი და სულ 37-მა მსურველმა მიიღო მონაწილოება.  

14 ივნისს, სასწავლო კურსის დასრულებასთან დაკავშირებით, გაიმართება  საანგარიშო გამოფენა მონაწილეთა მშობლების, მეგობრებისა და სხვა დაინტერესებულ  პირთათვის.

სკოლა აერთიანებს 10-18 წლამდე სასკოლო ასაკის ბავშვებს, პროგრამა 8-თვიანია, მეცადინეობები მიმდინარეობს კვირაში ერთხელ, 2საათი.

ყოველი შეხვედრა გულისხმობს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს. სკოლა სთავაზობს მონაწილეებს მოგზაურობას ხელოვნებისა და კულტურის ისტორიაში, ეროვნულ გალერეასა და მთლიანად საქართველოს ეროვნულ მუზეუმში განხორციელებული ექსპოზიციების მიხედვით.

პროგრამით გათვალისწინებული თემები: ხელოვნების დარგები და მათი სპეციფიკური გამომსახველობითი ენა; სახვითი ხელოვნების ჟანრები; ქართული თუ მსოფლიო ხელოვნების შედევრები ზოგად-კულტუროლოგიურ ჭრილში; მხატვრული ეპოქები, მსოფლმხედველობრივი ღირებულებების მიხედვით.

ეროვნული გალერეის  საკვირაო სკოლას გამორჩეულს ხდის სწავლების მეთოდოლოგია: ,,წყაროზე აგებული სწავლება"; შემეცნებით-სახალისო, ინტერაქტიული ფორმატი; საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, მათ შორის გალერეის სივრცეში არსებული ექსპოზიციები, რასაც ემატება პრეზენტაციები, მრავალფეროვანი ვიზუალური მასალით.

სკოლის მიზანია, ერთი მხრივ, გააღრმავოს მოზარდების ინტერესი ხელოვნების და კულტურის ისტორიისადმი, შესთავაზოს სათანადო ორიენტირები არტეფაქტების აღქმის პროცესში და მეორე მხრივ, განავითაროს ბავშვებში შემოქმედებითი უნარები, თავისუფალი აზროვნება.

მისამართი: დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზირი 11.