იბერიის სამეფოს დროინდელი მარნისა და ტაძრის ნაშთები თრელიგორებზე

27 მაისი 2015
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმის უძველესი თბილისის შემსწავლელმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, დიღომში, თრელიგორების უძველესი ნასახლარის ტერიტორიაზე  ჩვ.წ-მდე I ათასწლეულის ბოლო საუკუნეებით დათარიღებული ქართლის (იბერიის) სამეფოს უადრესი ხანის  მარნისა და ტაძრის ნაშთებს მიაკვლია.

მარნის აღმოჩენამ თრელიგორების ნასახლარის ძნელადმისადგომ თხემზე, მეცნიერებს ავარაუდებინა, რომ მარანი შეიძლებოდა ყოფილიყო სატაძრო  კომპლექსის ნაწილი. ეს ვარაუდი კიდევ უფრო გაამყარა აერო ფოტოებისა და სატელიტური გამოსახულებების შესწავლამ და არქეოლოგების მიერ ჩატარებულმა სადაზვერვო სამუშაოებმა.

ამ პერიოდის მარნის აღმოჩენას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მეღვინეობის განვითარების ისტორიის კვლევისთვის. ქვევრებში დალექილი ნაშთების ლაბორატორიული კვლევა, სავარაუდოდ, მოგვცემს ინფორმაციას არსებობდა თუ არა გენური უწყვეტობა, საქართველოს სახელმწიფოებრიობის ადრეულ ეტაპზე ღვინის დასამზადებლად გამოყენებულ ყურძნის ჯიშებსა და ქვემო ქართლში დადასტურებულ, მსოფლიოში უადრეს, რვაათასწლოვან ყურძნის ჯიშებს შორის.

ახალ აღმოჩენას მნიშვნელობა ენიჭება ასევე ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციის ისტორიის რეკონსტრუქციის თვალსაზრისითაც.

ექსპედიციის ხელმძღვანელია საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის არქეოლოგიური კოლექციების კურატორი, არქეოლოგი მიხეილ აბრამიშვილი.