უცნობი ფიროსმანი – ,,ნადირობა ინდოეთში” პირველად ფართო საზოგადოების წინაშე

15 იანვარი 2015
Share

2015 წლის 15 იანვარს 15:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში შედგება ნიკო ფიროსმანის ნამუშევრის ,,ნადირობა ინდოეთში" პრეზენტაცია. ნიკო ფიროსმანის ,,ნადირობა ინდოეთში" პირველად იფინება სრული სახით.

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის თანამედროვე ქართული ფერწერის საინვენტარო წიგნში არსებული ჩანაწერის მიხედვით ,,ნადირობა ინდოეთში" მუზეუმმა 1930 წელს მწერალ სერგო კლდიაშვილისგან შეიძინა. სურათის ზედა ნაწილიდან ამოჭრილი იყო ფრაგმენტი მიმავალი მამაკაცის ფიგურით. მოგვიანებით, ეს ფრაგმენტი ასევე მუზეუმმა შეიძინა. შეძენის თარიღი და მფლობელის ვინაობა საინვენტარო წიგნში მითითებული არ არის.

ფრაგმენტი სურათისა ,,ნადირობა ინდოეთში" პირველად 1930 წელს მოსკოვში, ნატიფ ხელოვნებათა მუზეუმში გამართულ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი. სურათიდან ამოჭრილი ფრაგმენტი უკანასკნელად 1938 წელს გამოიფინა, თბილისში, მეტეხის მუზეუმში მოწყობილ გამოფენაზე. დიმიტრი შევარდნაძის დახვრეტის შემდგომ, ტილოს ძირითადი ნაწილი დახვეულ მდგომარეობაში ინახებოდა ფონდში. 1970-იან წლებში იყო მცდელობა რესტავრაციისა, თუმცა სურათის მძიმე დაზიანებების გამო, პროცესის დაწყება ვერ მოხერხდა.

სარესტავრაციო მოსამზადებელი სამუშაოების პირველი ეტაპი დაიწყო 2004 წელს, ხოლო 2014 წელს განხორციელდა ნამუშევრის რესტავრაცია. ნამუშევრის ,,ნადირობა ინდოეთში" რესტავრაცია შესრულდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის რესტავრატორების ნანა მანაგაძისა და ეველინა კარსელის მიერ. რესტავრაციის ურთულესი პროცესის დასრულების შემდეგ ,,ნადირობა ინდოეთში" პირველად იფინება სრული სახით.

გამოფენა გაგრძელდება 2015 წლის 1 აპრილამდე.

მისამართი: შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, ლადო გუდიაშვილის ქუჩა 1.