საქართველოს ეროვნული მუზეუმი პარტნიორთა ქსელს აფართოებს - ეგვიპტის მუზეუმებთან თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა

07 დეკემბერი 2014
Share

2014 წლის 7 დეკემბერს კაიროში, ეგვიპტის სიძველეთა სამინისტროში გაფორმდა თანამშრომლობის ხელშეკრულება საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის მუზეუმებს შორის.

დოკუმენტის ხელმოწერის საზეიმო ცერემონიალი გახსნა ეგვიპტის სიძველეთა მინისტრმა, ეგვიპტოლოგიის პროფესორმა მამდუ ელდამატიმ. იგი მიესალმა მხარეებს და ყურადღება გაამახვილა ორი ქვეყნის წამყვან სამუზეუმო ცენტრებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ მადლობა გადაუხადა ეგვიპტელ პარტნიორებს. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველო, ისევე როგორც ეგვიპტე, გარდამავალ ეპოქაშია და ამ რთულ პერიოდში მნიშვნელოვანი როლი ეკისრებათ კულტურის, მეცნიერებისა და განათლების სფეროს წამყვან ინსტიტუციებს.

ეგვიპტის მხრიდან ხელშეკრულებას სამი წამყვანი მუზეუმის ხელმძღვანელმა მოაწერა ხელი. ესენი იყვნენ: ეგვიპტის მუზეუმის, ეგვიპტური ცივილიზაციის ეროვნული მუზეუმისა და ეგვიპტის დიდი მუზეუმის გენერალური დირექტორები.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეგვიპტეში არჩილ ძულიაშვილი მიესალმა მხარეებს და აღნიშნა, რომ ეს ინიციატივა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს არა მარტო სამუზეუმო დარგის სპეციალისტებს შორის მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბებას, არამედ ორ ქვეყანას შორის ახლო ურთიერთობების გაღრმავებას.

თანამშრომლობის ხელშეკრულება ითვალისწინებს კონსერვაცია-რესტავრაციის, განათლების, არქეოლოგიისა, საგამოფენო და სხვა მიმართულებების სფეროში გაცვლით პროგრამებს, რომლებიც 2015 წლის გაზაფხულიდან იწყება.

ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ საქართველოს დელეგაცია მიიწვია ეგვიპტური ცივილიზაციის ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა ბატონმა ხალედ ელ-ენანიმ. მან სტუმრებს დაათვალიერებინა მუზეუმში მიმდინარე ფართომასშტაბიანი სარენოვაციო სამუშაოები, რომელიც ითვალისწინებს ახალი ექსპოზიციების, რესტავრაცია-კონსერვაციის ცენტრისა და სამუზეუმო საცავის შექმნას. პროექტი ხორციელდება ეგვიპტის მთავრობისა, UNESCO-სა და სხვა პარტნიორების მხარდაჭერით. სამშენებლო პროექტი შეჩერებული იყო გასულ წლებში ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო. სწორედ ქართული დელეგაციის კაიროში ყოფნის დროს ეგვიპტის პრემიერ მინისტრმა მოინახულა მუზეუმი და მისი მხარდაჭერით განახლდა სარემონტო სამუშაოების ბოლო, მესამე ეტაპი.