გარემოს დაცვის მსოფლიო დღე საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

05 ივნისი 2014
Share

2014 წლის 5 ივნისს საქართველოს ეროვნული მუზეუმი და National Geographic საქართველო  წარმოგიდგეთ გარემოს დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში.

13:00-დან 18:00 საათამდე  მუზეუმის ყველა ასაკის სტუმრებს საშუალება ექნებათ დაესწრონ გამოფენებს, მიიღონ მონაწილეობა საგანმანათლებლო პროგრამებსა და შემეცნებით თამაშებში,  დაესწრონ ლექციებს და  ჩაერთონ მასტერკლასში, რომელიც მუზეუმის ეზოში გაიმართება.

13:30 საათზე  საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი ბატონი დავით ლორთქიფანიძე და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ქალბატონი ხათუნა გოგალაძე 5 ივნისის ღონისძიებებს ოფიციალურად გახსნიან.

სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში ექსპონირებული იქნება გამოფენა სახელწოდებით ,,ბუნება და ადამიანი“, რომელზეც National Geographic-ს მიერ სხვადასხვა პერიოდში გადაღებული ფოტოები იქნება წარმოდგენილი.  

სტუმრებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ ბუნების ისტორიის განახლებული ექპოზიცია, რომელზეც წარმოდგენილია კავკასიის უნიკალური ფლორა-ფაუნის ის ექსპონატები, რომლებიც ცნობილი მეცნიერებების მიერ 1852 წლიდან გროვდებოდა.  გამოფენაზე წარმოდგენილი ექსპონატები გამოირჩევა როგორც ისტორიული, ისე მეცნიერებული ღირებულებებით  და მსოფლიო მასშტაბით დღესაც სპეციალისტთა მაღალ შეფასებას იმსახურებს.

გამოფენის დათვალიერების შემდეგ გაიმართება ინტერაქტიული საუბრები გარემოს დაცვის საკითხების შესახებ, რომელსაც გია თოდუა (ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრის სპეციალისტი) და ლევან ბუთხუზი (“National Geographic საქართველოსმთავარი რედაქტორი) წარუძღვებიან.

16:00 საათზე მუზეუმის ეზოში მოეწყობა მასტერკლასი პრეისტორიული ქვის იარაღის დამზადება, რომელსაც ინდიანას უნივერსიტეტის პროფესორი ნიკ ტოტი და საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგები დავით ჟვანია და გიორგი ბიძინაშვილი ჩაატარებენ. ნიკ ტოტი ქვის ხანის ინსტიტუტის თანადამფუძნებელია. ის აქტიურად არის ჩართულია ქვის იარაღის შექმნისა და გამოყენების შემსწავლელ ექსპერიმენტულ კვლევებში. მიი ინტერესთა სფეროს მოიცავს  პრეისტორია, პალეოლითი, ადამიანის გონებრივი შესაძლებლობების ევოლუცია, ექსპერიმენტული არქეოლოგია, მიკროსკოპული არქეოლოგია, ზოოარქეოლოგია, ეთნოარქეოლოგია, და პრიმიტიული ტექნოლოგიები. იგი 2004 წლიდან მეცნიერების განვითარების ამერიკული ასოციაციის წევრია.

ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია!

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 2 997 176

მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზირი 3.