„რეკონსტრუქცია: კულტურული მემკვიდრეობა და თანამედროვე მოდა’’

20 ოქტომბერი 2012
Share

2012 წლის 20 ოქტომბერს 17:00 საათზე ბრიტანეთის საბჭო და საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ გამოფენას სახელწოდებით ,,რეკონსტრუქცია: კულტურული მემკვიდრეობა და თანამედროვე მოდა''

გამოფენაზე წარმოდგენილია ბრიტანული მოდის მსოფლიოში ცნობილი წარმომადგენლები: ჰუსეინ ჩალაიანი, პიტერ ჯენსენი, სოფია კოკასალაკი, მარიოს შვაბი, პოლ სმიტი, ვივიენ ვესტვუდი და ოსმან იუსეფზადე. თითოეული ამ დიზაინერის შემოქმედება ინდივიდუალურია და განსხვავდება ერთმანეთისგან რელიგიური ნიშნით, ფერებით, ხელწერით, ხალხური არქიტექტურის თუ ახალი ტექნოლოგიების მიმართ დაინტერესების დონით. დიზაინერები ცხოვრობენ დიდ ბრიტანეთში, მაგრამ თითოეულ მათგანს აქვს კავშირი საკუთარ ეთნიკურ თუ სოციალურ მემკვიდრეობასთან, და ამას ყოველივეს საკუთარ ნამუშევრებში იკვლევენ. გამოფენის მიზანია ამ დიზაინერთა კოლექციების საშუალებით აჩვენოს, რომ მიუხედავად მოდის მჭიდრო კავშირისა პიროვნულ იდენტობასთან, ის ასევე იტევს განსხვავებულ ისტორიებს და კულტურებს, რაც ვლინდება კიდეც თანამედროვე მოდაში.

,,რეკონსტრუქცია'' გვიჩვენებს, რომ მოდა არა მარტო კომერციის სფეროა, არამედ ესაა ხელოვნება - იდეების განხორციელების და მათი გაზიარების საშუალება.

გამოფენის გახსნაზე წარმოგიდგენთ სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტის რამდენიმე სტუდენტის ნამუშევრების ჩვენებას, რათა როგორც ახალგაზრდებმა ისე ფართო აუდიტორიამ უკეთ გაიაზრონ ის ღრმა და მდიდარი ტრადიცია, რისი მფლობელიც ქართველი ხალხია და დაეყრდნონ ამ მემკიდრეობას საკუთარი დიზაინის შექმნისას.

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი. რუსთაველის გამზ.3.

გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია საგანმანათლებლო ღონისძიება, რომლებშიც აქტიურადაა ჩართული ჩვენი ბრიტანელი კოლეგა ქენდალ მარტინ-რობინსი.

საგანმანათლებლო ღონისძიებათა განრიგი

20 ოქტომბერი (15:00) - პრეზენტაცია აკადემიის პედაგოგებისა და სტუდენტებისთვის(ჩაატარებს ქენდალ მარტინ-რობინსი)

21-22 ოქტომბერი (10:00 - 17:00) ვორქშოფი ქართული მუზეუმების თანამშრომლებისა და ფეშენ კურატორებისთვის

21-22 ოქტომბერი პიტერ ჯენსენის ბრენდის წამომადგენელი ჯერარ უილსონი ჩაატარებს ბრენდის შესახებ პრეზენტაციას აკადემიის სტუდენტებისთვის და შეხვედრებს ქართველ დიზაინერებთან.

9 ნოემბერი (11:00-13:00) ფეშენ-ფილმის ჩვენება და დისკუსია (ჩაატარებს ქენდალ მარტინ-რობინსი)