სვანეთის მუზეუმის საგამოფენო სივრცის პრეზენტაცია

13 სექტემბერი 2012 - 13 სექტემბერი 2012
Share

განახლებული სვანეთის მუზეუმის პრეზენტაცია და გამოფენის პროტოტიპის  ჩვენება

2012 წლის 13 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განახლებული სვანეთის მუზეუმი მოინახულა.

სვანეთის მუზეუმი 2004 წელს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დაქვედმდებარებაში შევიდა. მუზეუმის ისტორია კი 1936 წელს მესტიის სეტის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაცული სიძველეების ბაზაზე დაიწყო.

სვანეთის მუზეუმში არსებული მდგომარეობის თანმიმდევრული შესწავლა და სახსრების მოძიება თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი პირობების შესაქმნელად საქართველოს ეროვნულმა მუზეუმა დაიწყო. წლების განმავლობაში  მიმდინარეობდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის კომპლექსური ექსპედიციები სვანეთის მუზეუმის რეაბილიტაციისა და მომავალი განვითარებისათვის წინასწარული, საპროექტო დავალების მოსამზადებლად.

2011 წელს საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით დაიწყო სვანეთის მუზეუმის სარეაბილიტაციო კომპლექსური სამუშაოები. განახლებული მუზეუმის პროექტზე მუშაობდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის კომპლექსური ჯფუფი უცხოელ სპეციალისტებთან ერთად (საექსპოზიციო სივრცის დიზაინი - ფრანგი დიზაინერი ლინა მარია ლოპესი, სამუზეომო განათება - კომპანია „En phase"); არქიტექტურულ პროექტის ავტორია გაგა კიკნაძე;  სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოები შეასრულა კომპანია „ზიმომ".

ცოტა ხნის წინ დასრულდა მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტის პირველი, ძირითადი ეტაპი. საგამოფენო დარბაზები მოეწყო და აღიჭურვა თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, სადაც გათვალისწინებულია სამუზეუმო ნივთებისთვის ხელსაყრელი სამუზეუმო განათება, სპეციფიკური პირობები და კლიმატური გარემო.

მუზეუმში გაკეთდა 6  მუდმივი ექსპოზიციის დარბაზი და დროებითი საგამოფენო სივრცე. ასევე შეიქმნა და აღიჭურვა ახალი ლაბორატორია, საცავი და სამუშაო ოთახები.

სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმში ასევე მოეწყო საზოგადოებრივი სივრცე, რომელიც დამთვალიერებელს შესაძლებლობას მისცემს ესტუმროს მუზეუმის კაფესა და მაღაზიას. რეაბილიტაციის მეორე ეტაპზე დაგეგმილია აუდიტორიის და მედიათეკის მოწყობა.

დროებითი საგამოფენო სივრცე უმასპინძლებს საქართველოს ეროვნული მუზეუმის ერმაკოვის ფოტოარქივში სვანეთის თემატიკაზე დაცულ ფოტო ასლებს, რომელთა ნაწილიც  1910 წელს ექვთიმე თაყაიშვილის ექსპედიციის დროსაა  გადაღებული.

ასევე განახლებული მუზეუმის პირველ მუდმივი ექსპოზიციის დარბაზში წარმოდგენილია  არქეოლოგიური ექსპოზიციის პროტოტიპი, სადაც გამოფენილია როგორც შემთხვევით მონაპოვარი, ეკლესიებს შეწირლი, ასევე XX საუკუნის 70-90-იან წლებში ცნობილი არქეოლოგის შოთა ჩართოლანის ხელმძღვანელობით სვანეთში წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი არტეფაქტები. 

ექსპოზიცია ოთხ ნაწილადაა წარმოდგენილი:  1. სვანეთი - სპილენძისა და ბრინჯაოს მეტალურგიის კერა (ძვ. წ. III-I ათასწლეულის პირველი ნახევრი); 2. სვანეთი კოლხური ბრინჯაოს კულტურის განუყოფელი ნაწილი (გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანა); 3. სვანეთი ანტიკურ ხანაში (ძვ. წ. VI-I საუკუნეები); 4. გვიანანტიკური ხანა და შუა საუკუნეები.

ამჟამად მიმდინარეობს მუზეუმის შენობის კლიმატისა და შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის 24 საათიანი მონიტორინგი. მონიტორინგის დასრულების და შენობის საბოლოო ადაფტაციის შემდგომ - კოლექციები სრულად გადავა  განახლებულ შენობაში და მუზეუმი უახლესი ტექნოლოგიებით  აღჭურვილი წარსდგება ფართო საზოგადოების წინაშე. ყოველივე ეს საშუალებას მისცემს მუზეუმს განახორციელოს მისი მთავარი მისია -კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, შესწავლა, საგანმანათლებლო საქმიანობა, პოპულარიზაცია და ამ გზით  იგი გახდება რეგიონის მთავარი კულტურულ, საგანმანათლებლო, ტურისტული ცენტრი.