პროექტი „IX მილენიუმი"

20 ივნისი 2018 - 20 ივნისი 2018
Share

საქართველო ერთვება კოსმოსის ათვისების პროგრამაში. პლანეტა მარსზე ქართული ვაზის ჯიშის გენერირება იგეგმება. პროექტს სახელწოდებით ,,IX მილენიუმი“ კოსმოსური კვლევის სააგენტო განახორციელებს. 

ბოლო პერიოდში, მსოფლიოს უმსხვილესი ორგანიზაციები კოსმოსის ათვისების მიმართულებით განხორციელებულ ქმედებებს ხშირად აანონსებენ. ამერიკის კოსმოსური სააგენტო (NASA) აქტიურად მუშაობს პლანეტა მარსის კოლონიზაციის პროექტზე.

NASA-ს ასტრონავტების მიერ კოსმოსურ სადგურზე საკვების მოყვანის რამდენიმე წარმატებული ექსპერიმენტი უკვე განხორციელდა, რაც სხვა მცენარეული კულტურის გამრავლებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია. პოტენციალი, რომელიც საქართველოს ამ მიმართულებით მუშაობისთვის გააჩნია, მსოფლიოში უნიკალურია, რადგან იგი ვაზის კულტივაციის უძველეს კულტურას ეხება. 

პლანეტა მარსზე ვაზის კულტურის გენერირების პროექტის განსახორციელებლად საჭიროა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შესაბამისი სახელმწიფო ერთეულები, საგანმანათლებლო და კვლევითი დაწესებულებები იქნებიან ჩართული.

საქართველოში ინიცირებული პროექტის პირველ ეტაპზე, საინიციატივო ჯგუფი ფორმულირდება შემდეგი შემადგენლობით: საქართველოს განათლებისა და მეციერების სამინისტრო, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი და კომპანია Microsoft-ის წარმომადგენელი ნიკოლოზ დობორჯგენიძე და კომპანია SpaceFarms - მომავლის სათბურის წარმომადგენლები.

აღნიშნული პროექტის შექმნაში წვლილი შეიტანა, ქართულ ბაზარზე წამყვანმა კრეატიულმა სააგენტო, Windfor's-მა.

სასტუმრო სტამბაში მიმდინარეობს რეგიონში პირველი ურბანული ვერტიკალური სათბური-ლაბორატორიის შექმნა, რომლის ოპერირებასაც განახორციელებს კომპანია ,,SpaceFarms''აღნიშნული სათბური - ლაბორატორია 2018 წლის სექტემბრიდან დაიწყებს ფუნქციონირებას. ლაბორატორიაში ვაზის სპეციალური ჯიშების გამოყვანა, კვლევა და განვითარება მოხდება. აღნიშნული პროცესი BTU-ს ჩართულობით, HP-ს ტექნიკური მხარდაჭერითა და ევროპის კოსმოსური სააგენტოს სპეციალისტების მონაწილეობით წარიმართება.

პროექტის პირველ ეტაპზე ჩამოყალიბდება სამუშაო სტრატეგია, რომელიც მოიცავს შესასრულებელი სამუშაოების კონკრეტულ გეგმას და ვადებს.

მარსის კოლონიზაციის ფარგლებში NASA-ს მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად BTU-ს ბაზაზე კომპანია HP Inc.-მა შექმნა კვლევითი ლაბორატორია, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება აღნიშნულ პროექტზე მომუშავე ექსპერტებისთვისაც.

პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია ქვეყნის პოზიციონირებისთვის, არა მხოლოდ რეგიონის ტექნოლოგიურ ჰაბად ჩამოყალიბების პროცესში, არამედ საქართველოს უძველესი ისტრორიული და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციისთვის. პროექტის გარშემო კვლევითი და საგანმათლებლო პლატფორმის შექმნის პროცესში გამოყენებული იქნება ნივთების ინტერნეტი, ხელოვნური ინტელექტი, მეგამონაცემები და სხვა ტექნოლოგიური მიმართულებები. 

 

პროექტის პრეზენტაცია: 20 ივნისი, 20:00 საათი
მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ეზო