ნეკრესის დიდი ბაზილიკის არქეოლოგიური კვლევისა და რეაბილიტაციის პროგრამის საჯარო განხილვა

24 ნოემბერი 2016 - 24 ნოემბერი 2016
Share

2016 წლის 24 ნოემბერს, 15:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის აუდიტორიაში ჩატარდება ნეკრესის დიდი ბაზილიკის არქეოლოგიური კვლევის და რეაბილიტაციის პროგრამის საჯარო განხილვა.

დისკუსია ეძღვნება შუა საუკუნეების ქართულ არქეოლოგიაში განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და რეზონანსული პროექტის, ნეკრესის დიდი ბაზილიკის (დოლოჭოპის კომპლექსი, ყვარლის მუნიციპალიტეტი) შემდგომი არქეოლოგიური კვლევის, რეაბილიტაციისა და ქვეყნის ტურისტულ ინფრასტრუქტურაში მისთვის სათანადო ადგილის მიჩენის გზების საჯარო განხილვას.

2006 წელს  აღმოჩენილი ადრეული შუა საუკუნეების ქართული ქრისტიანული სატაძრო ხუროთმოძღვრების ამ საეტაპო ძეგლის ინტენსიურ არქეოლოგიურ შესწავლას 2012 წლიდან დღემდე საქართველოს ეროვნული მუზეუმი ახორციელებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მონაწილეობით. ძეგლზე არქეოლოგიური და სარეაბილიტაციო სამუშაოები ტარდება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და დაფინანსებით.

ჩატარებული არქეოლოგიური კვლევის ანგარიშსა და ძეგლის ისტორიულ-ხელოვნებათმცოდნეობითი მნიშვნელობის შესახებ ისაუბრებენ საქართველოს ეროვნული მუზეუმის ნეკრესის ნაქალაქარის შემსწავლელი არქეოლოგიური ექსპედიციის წევრები (ხელმძღვანელი - საქართველოს ეროვნული მუზეუმის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, პროფესორი ნოდარ ბახტაძე). განხილული იქნება ბაზილიკის კვლევაში უცხოელი პარტნიორი მეცნიერების ხედვებიც. კონცეფციას ძეგლის კონსერვაცია-რეაბილიტაციის შესახებ წარმოადგენს არქიტექტორ-რესტავრატორთა ჯგუფი (ხელმძღვანელი - მიხეილ გელაშვილი). 

თემის შესახებ დისკუსიაში მონაწილეობისთვის მოწვეულები არიან საქართველოს შესაბამისი პროფილის წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სახელმწიფო და არასამთავრობო სტრუქტურების, ფონდების, საქართველოს საპატრიარქოსა და კახეთის რეგიონის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ასევე ქართული კულტურით დაინტერესებული ფართო საზოგადოება.


მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის აუდიტორია, ფურცელაძის ქ. 1