თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და მარსელის მუზეუმს შორის

11 მაისი 2015 - 11 მაისი 2016
Share

10-14 მაისს საქართველოს ეროვნული მუზეუმი მასპინძლობს საქართველოში ვიზიტით მყოფ საფრანგეთში, ქალაქ მარსელში მდებარე ევროპისა და ხმელთაშუაზღვის ცივილიზაციათა მუზეუმის პრეზიდენტს ბატონი ჟან-ფრანსუა შუნიეს და მუზეუმის მთავარ კონსერვატორს, ქალბატონი მირიამ მორელის.

დღეს, 11 მაისს ვიზიტის ფარგლებში, მარსელის მუზეუმსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის ორმხრივი, საგამოფენო, სამეცნიერო და საგანმანათლებლო ურთიერთობების განვითარების მიზნით, ხელი მოეწერა  თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს.    

მემორანდუმის თანახმად 2015 წლიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლები მარსელის მუზეუმში გაივლიან სტაჟირებას.

მარსელის მუზეუმი, რომელიც 2012 წელს გაიხსნა, წარმოადგენს კონცეპტუალურად ახალი ტიპის სამუზეუმო სივრცეს, რომელიც მიზნად ისახავს სხვადასხვა ასპექტით წარმოაჩინოს ევროპული და მედიტერანული ცივილიზაციის სათავეები და მათი კულტურული მემკვიდრეობა, რასთანაც საქართველო დაკავშირებულია თავისი ისტორიული წარსულით.