ქართულ-გერმანული თანამშრომლობა გრძელდება

30 აპრილი 2015 - 30 აპრილი 2015
Share

2015 წლის 30 აპრილს, 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება სამეცნიერო-პოპულარული დოკუმენტური ფილმის ჩვენება - "ველური და საოცარი ასმათის ტომი: კანიბალები ახალ გვინეაში", რომელიც ახალი გვინეის აბორიგენი მოსახლეობის ცხოვრების წესზე, რწმენა-წარმოდგენებზე, რიტუალებსა და კულტურაზე მოგვითხრობს.

ფილმი საინტერესოა არქეოლოგიით, ეთნოგრაფიით და ანთროპოლოგიით დაინტერესებულ პირთათვის. ის მოგვითხრობს საზოგადოებაზე, რომელიც ცხოვრობს ქვის ხანის პირობებში, ისინი დაკავებულნი არიან ნადირობით, თევზჭერით და საკვების შეგროვებით.

ფილმის გადაღებისას ერთ-ერთ დასახლებაში ექსპედიციის წევრებმა იპოვეს მიხეილ როკფელერის პირადი ნივთები, რომელიც 1962 წელს აქ გაუჩინარდა.

ეს ფილმი არაერთხელ გასულა წამყვან გერმანული ტელეარხზე ZDF, საერთაშორისო კინოფესტივალებზე და ა.შ. ამასთანავე მისი არაერთი ჩვენება მოეწყო ნიუ-ორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში.

ჩვენების წინ მაყურებელს საშუალება ექნება მოისმინოს  ფილმის სამეცნიერო კონსულტანტის, ცნობილი გერმანელი მეცნიერის, ექიმ პროფ. გიუნტერ კონრადის მცირე მოხსენება. ასევე, ამჟამად თბილისში იმყოფება ფილმის პროდიუსერი და რეჟისორი ფრიდჰელმ ბრუკნერი.

აღნიშნული ღონისძიება კულტურისა და სამუზეუმო სფეროში ქართულ-გერმანული თანამშრომლობის კიდევ ერთი მაგალითია.

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ფურცელაძის ქ.1.