ონტოფოს გაცოცხლებული სახლი

28 სექტემბერი 2014 - 30 ნოემბერი 2014
Share

28 სექტემბერს 14:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმი გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზემში წარმოგიდგენთ „ონტოფოს გაცოცხლებული სახლის“ პრეზენტაციას.

ონტოფოს გაცოცხლებული სახლი მნახველს „დროში მოგზაურობის“ დაუვიწყარ წუთებს ჩუქნის, რომელიც ხატოვნად აცოცხლებს XIX საუკუნის შესატყვის ისტორიულ-კულტურულ გარემოს. ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი „მასპინძლები“ დამთვალიერებელს აცნობენ იმ პერიოდისათვის დამახასიათებელ რეწვის, სოფლის თუ შინამეურნეობის, სოციალურ და კულტურულ ყოფა-ცხოვრებას.

ოდა-სახლი ონტოფოდან ეთნოგრაფიულ მუზეუმში XX საუკუნის 70-იან წლებში გადმოიტანეს. მეგრული კარ-მიდამოს ისტორიული და სოციალური საკითხების მოსაძიებლად, 2011 წელს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინიციატივით, სამეგრელოს სოფელ ონტოფოში ექსპედიცია მოეწყო.

ექსპედიციის შედეგად გაირკვა, რომ ოდა-სახლი აზნაურ ნადარეიშვილებს ეკუთვნოდა. ძმები ნადარეიშვილები იმდენად აქტიურად მონაწილეობდნენ დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკურ თუ სოციალურ ცხოვრებაში, რომ გადაწყდა „გაცოცხლებული“ სახლის ისტორიაც მეოცე საუკუნის დასაწყისის მოვლენებზე აგვეგო და მასში ამავე სახლის ჭერქვეშ მცხოვრები ოჯახის თავგადასავალი დაუფარავად ჩაგვერთო.

საცხოვრებელ კარ-მიდამოსთან ერთად, პროექტის ფარგლებში, მოხდა სამზადი სახლის (სოფელ ახალხიბულადან) რეაბილიტაციაც. რამაც საშუალება მოგვცა სამეგრელოს რეგიონის ეს კარ-მიდამო უკვე სრულყოფილი სახით წარმოგვეჩინა და დამთვალიერებლებისათვის იმდროინდელი მეგრული სოციალური ყოფა უფრო თვალსაჩინოდ და ხატოვნად „გაგვეცოცხლებინა“.

დღეს, ონტოფოს კარ-მიდამომ დასრულებული სახე მიიღო და ვიზიტორებს სრულიად ახალ ამპლუაში ევლინება. აღნიშნულ პროექტში საქართველოს ეროვნული მუზეუმის პარტნიორი მსოფლიოში ცნობილ სკანსენის ღია ცის ქვეშ მუზეუმი გახლდათ (შვედეთი, სტოკჰოლმი).

კახურ და მეგრულ კარ-მიდამოსთან ერთად, ეთნოგრაფიული მუზეუმი უკვე მესამედ სთავაზობს დამთვალიერებლებს მსგავს სანახაობას. მუზეუმის თითოეული, „დროში გაცოცხლებული“ კარ-მიდამო გულისხმობს ორიგინალური ისტორიულ-კულტურული გარემოს შექმნას, მისთვის სპეციალურად შეთხზულ ამბავს-„ისტორიას“, პედაგოგიურ საქმიანობას, რომელიც ისტორიულ კონტექსტს შემეცნებით-საგანმანათლებლო მასშტაბს აძლევს. ჩვენი მიზანია, მსგავსი ღონისძიებებით, მოხდეს ცოცხალი ტრადიციების აღორძინება, შენარჩუნება და მისი ხელმისაწვდომობა ნებისმიერი დამთვალიერებლისათვის.

მისამართი: გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი, კუს ტბის ასახვევი 1.