პრეზენტაცია კახეთში გაკეთებული უახლესი აღმოჩენის შესახებ

02 ივლისი 2013 - 02 ივლისი 2013
Share

2013 წლის 2 ივლისს 16:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის სამეცნიერო კაფეში გიწვევთ პრეზენტაციაზე, რომელიც ეძღვნება ლაგოდეხში, სოფელ ჭაბუკიანთან, არსებული ყორღანის გათხრისას გაკეთებულ აღმოჩენებს. 

აღმოჩენილი არტეფაქტები და ნივთები ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა ჩვენს ტერიტორიაზე მცხოვრები უძველესი ადამიანების სოციალური და ეკონომიური ურთიერთობების, მათი რელიგიის და კულტურის შესახებ.  

პრეზენტაციას წარუძღვება საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიის ცენტრის უფროსი ბატონი ზურაბ მახარაძე.

2012 წლის ოქტომბრის დასაწყისში, ლაგოდეხში წარმოებული გათხრები მნიშვნელოვანი და საინტერესო აღმოჩენით დასრულდა. სოფელ ჭაბუკიანთან, ალაზნის ჭალებში გრანდიოზული, მდიდარი არქეოლოგიური მასალის, მათ შორის ოქროს ნივთების შემცველი ყორღანი გაითხარა, რომელიც ადრე ბრინჯაოს ხანას (ძვ.წ. III ათასწლეული) განეკუთვნება.

ექსპედიციის დროს გაითხარა დიდი ზომის 2 ყორღანი, მაგრამ განსაკუთრებული მნიშვნელობის ანანაურის N 3 ყორღანი გამოდგა, რომელიც გრანდიოზულია თავისი ზომებით - 100მ დიამეტრითა და 12მ სიმაღლით. ასეთი დიდი ყორღანი ოცდაათ წელზე მეტია არ გათხრილა საქართველოში. ყორღანის ყრილი თიხისაა. ზედა მხარეს მას ქვის ჯავშანი იცავდა, რომლის ქვეშაც ხით გადახურული, საკმაოდ მოზრდილი კამერა იყო.  ეს დასაკრძალავი დარბაზი გახლდათ და შესაბამისად, მისი მთავარი ატრიბუტიც ორი ოთხთვალა დასაკრძალავი ეტლი იყო. როგორც წესი, მსგავს სამარხებში ერთი ეტლი იდგა ხოლმე, რომელიც გარდაცვლილ ბელადს ეკუთვნოდა. ჯერჯერობით დაუდგენელია, ანანაურის ყორღანში რატომ იყო ორი დასაკრძალავი ეტლი.

იქვე, კერამიკის და ოქროს ნივთებთან ერთად, აღმოჩნდა ტყავის, ჭილოფის, ქსოვილისაგან დამზადებული ნივთებიც. მსგავსი მასალა, დროს ვერ უძლებს, თუმცა, დარბაზში ისეთი მიკროკლიმატი შეიქმნა, რომ არა მარტო ნაზი ქსოვილები შემოგვრჩა, არამედ სხვადასხვაგვარი ხილიც კი, მაგალითად: თხილი, წაბლი და ტყის სხვადასხვა ჯიშის კენკრა, რომლებიც კალათებით აქა-იქ იყო ჩადგმული.

თითოეულ ნიმუშს ლაბორატორიაში შეისწავლიან. დეტალებიც მხოლოდ კვლევის დასრულების შემდეგ გამოიკვეთება, რაც უთუოდ მნიშვნელოვანი დეტალებით გაამდიდრებს ჩვენს ცოდნას ადრე ბრინჯაოს ხანის შესახებ.

აღნიშნული ყორღანი  ადრე ბრინჯაოს ხანის ბედენის კულტურას განეკუთვნება.

პრეზენტაციაზე დასწრება თავისუფალია.

მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შ. რუსთაველის გამზირი 3.