საერთაშორისო კონფერენცია “რას ნიშნავს მუზეუმი დღეს? წარსულის შენარჩუნება და მომავლის შექმნა”

19 სექტემბერი 2012 - 22 სექტემბერი 2012
Share

2012 წლის 19-22 სექტემბერს საქართველოს ეროვნული მუზეუმი მასპინძლობს საერთაშორისო კონფერენციას "რას ნიშნავს მუზეუმი დღეს? წარსულის შენარჩუნება და მომავლის შექმნა" და გამოფენას "სამუზეუმო კუნძული ბერლინში - თბილისის სამუზეუმო უბანი. წარსულის შენარჩუნება და მომავლის შექმნა".

უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში მუზეუმი, როგორც ინსტიტუცია, მნიშვნელოვნად განვითარდა. მისი დანიშნულება გასცდა ექსპონატების შეგროვების, დაცვისა და გამოფენის იმ ტრადიციულ ჩარჩოს. 21-ე საუკუნეში მუზეუმები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქალაქის განვითარებაში. მათ აქვთ ტურისტული ღირსშესანიშნაობის ფუნქცია.

კონფერენციის მთავარი თემაა მუზეუმის ახალი როლის განხილვა. დაგეგმილია მსოფლიოს წარმატებული პროექტების პრეზენტაცია, მაგალითად, ბერლინის "სამუზეუმო კუნძული"; თანამედროვე ტენდენციები ლონდონის "ბრითიშ მუზეუმში", ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმში, ვაშინგტონის სმითსონის ინსტიტუციაში, აზიის მუზეუმებში და სხვა. კონფერენციას დაესწრებიან მსოფლიოს წამყვანი მუზეუმების დირექტორები და კურატორები, მეცნიერები, მენეჯერები და არქიტექტორები. ყურადღება დაეთმობა მუზეუმების მდგომარეობას სამხრეთ კავკასიისა და პოსტსაბჭოთა კავშირის ქვეყნებში. ვიმედოვნებთ, რომ თბილისში წარმოდგენილი პროექტები ხელს შეუწყობს მომავალში რეგიონში სამუზეუმო საქმის განვითარებას.

საქართველოს ეროვნული მუზეუმი რეგიონალური მნიშვნელობის მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება იქცეს პოსტსაბჭოთა მუზეუმი თანამედროვე, ნოვატორულ, კრეატიულ და დამთვალიერებლებისათვის სასარგებლო ინსტიტუციად, რომელიც აქტიურადაა ჩართულია ქალაქის ურბანულ და სოციალური ქსელში. პრუსიის კულტურულ მემკვიდრეობის ფონდი და ბერლინის სახემწიფო მუზეუმები 2010 წლიდან მჭიდროდ თანამშრომლობენ საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან ევროკავშირის მიერ დაფინანსებული "თვინინგის" პროექტის ფარგლებში.