არქეოლოგიური ძეგლი ძალისა

ძალისა - ანტიკური ხანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლი ქართლის (იბერიის) სამეფოს  ტერიტორიაზე. აქ არქეოლოგიური გათხრები ტარდებოდა 1971 - 1990 წლებში საქართველოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ნასტაკისის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ (ხელმძღვანელი ალექსი ბოხოჩაძე).   

ნაქალაქარი მდებარეობს დღევანდელ სოფელ ძალისში, მუხრანის ველზე, მცხეთიდან ჩრდილო-დასავლეთით 20 კმ-ის დაშორებით და იდენტიფიცირებულია ქალაქ ძალისასთან (Zalissa), რომელსაც ახ. წ. II საუკუნის ბერძენი გეოგრაფოსი კლავდიოს პტოლემაიოსი "გეოგრაფიულ სახელმძღვანელოში" (Geographike Hyphegesis) იბერიის აღწერისას სხვა ქალაქებთან ერთად იხსენიებს.

არქეოლოგიურმა გათხრებმა ცხადჰყო, რომ ძალისის ნაქალაქარი ახ. წ. პირველი საუკუნეების იბერიაში საქალაქო ცხოვრების აღმავლობისა და დაწინაურების საუკეთესო მაგალითია. ძველი ქალაქი გაშენებული იყო დაახლოებით 70 ჰა ფართობზე, მდინარე ნარეკვავის მარჯვენა ნაპირზე, ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე 6-7 ჰა ფართობის ხელოვნური ბორცვი მიჩნეულია ციტადელად _ შიდაციხედ, რომელიც ალიზის აგურის კედლით იყო გარშემორტყმული. აქ არქეოლოგიურად გამოვლენილია სხვადასხვა დროის კულტურული ფენები და გვიანანტიკური ხანის მონუმენტური შენობის ნაშთები, რომელიც კრამიტით უნდა ყოფილიყო გადახურული.

თავად ნაქალაქარზე აღმოჩენილია ე. წ. რეგულარული პრინციპით დაგეგმარებული ურთიერთგადამკვეთი ქუჩები და მოედნები, რომლებზეც აგურის ფილები იყო დაგებული; საზოგადოებრივი და საცხოვრებელი, ასევე საკულტო ნაგებობანი, შემკული სრულიად გამორჩეული მოზაიკებით; აბანოები, წყალსადენი და საკანალიზაციო სისტემების ნაშთები.

ნაქალაქარზე მოპოვებული ყველაზე ადრეული არქეოლოგიური მასალა თარიღდება ძვ. წ. II-I საუკუნეებით, ხოლო მთავარი ნაგებობები განეკუთვნება ახ. წ. I-IV საუკუნეებს.

ნაგებობებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია მონუმენტური სასახლეები. ერთ-ერთს, რომელიც მრავალდარბაზიანი რთული არქიტექტურული კომპლექსია, უჭირავს დაახლოებით 2500 კვ. მ ნაგებობა. მისი ნანგრევები 1,5 მ სისქის მიწის ფენით იყო დაფარული და გაითხარა 1984-1985 წლებში. იგი საქართველოს ტერიტორიაზე დღემდე აღმოჩენილი სასახლის ტიპის უდიდესი ნაგებობაა, რომელიც ანტიკურ ხანას განეკუთვნება. ამ გრანდიოზულ ნაგებობას ამშვენებდა რომაული გეგმარების შადრევნიანი შიდა ეზო - ატრიუმი (8,35 X 8,35 კვ. მ). ატრიუმიანი სასახლის ნანგრევების აღმოჩენა ძალისის ნაქალაქარზე მეორე შემთხვევაა. პირველად ამ ტიპის, მაგრამ უფრო პატარა ზომის ნაგებობის ნაშთები 1974-1975 წლებში გაითხარა. სასახლე შედგება 30-მდე სხვადასხვა ზომის, ფორმისა და დანიშნულების ოთახისგან. გამოვლენილია საძინებელი ოთახები, სათათბირო დარბაზი, ორგანყოფილებიანი საპირფარეშო საკუთარი კანალიზაციითა და წყალსადენით. სამშენებლო მასალად გამოყენებულია რიყის ქვა, ტუფისა და ქვიშაქვის გათლილი ქვები, აგური, კერამიკული ფილები.

შემორჩენილია სასახლის მნიშვნელოვანი ნაწილი - ცენტრალური გათბობის - ჰიპოკაუსტის ნაშთები, რაც მშენებლობისა და,  ზოგადად, ცხოვრების მაღალ დონეზე მეტყველებს. ჰიპოკაუსტი სასახლის შუა ნაწილში მდებარეობდა, რათა  გაეთბო მთელი ნაგებობა. იგი გეგმაში კვადრატია (11,8X11,8მ), 139,2 კვ.მ. ფართობით. კალორიფერებად გამოყენებულია სპეციალურად დამზადებული, ოდნავ თავშევიწროებული თიხის მილები, რომლებსაც სწორკუთხედის მოყვანილობის ფანჯრები აქვს ამოკვეთილი.

სასახლეს ჰქონდა 800 კვ. მ. მოცულობის საცურაო აუზიც, რომელიც უნიკალურია საქართველოსთვის. აუზის ჩრდილოეთ "აბსიდაში" 9 საფეხურიანი ჩასასვლელი კიბეა გამართული, ხოლო კუთხეებში - ჩამოსაჯდომი მერხებია მოწყობილი. იატაკი და გარე კედლები ჰიდრავლიკური ხსნარითაა მოლესილი. საცურაო აუზი უკავშირდება აბანოს, საიდანაც შემოყვანილი იყო ორმაგი წყალსადენი. შესაძლოა, რომ საცურაო აუზი და აბანო ერთ კომპლექსს ქმნიდა. საცურაო აუზს სამხრეთიდან მიშენებული აქვს ძალისის ნაქალაქარის  ერთ-ერთი დიდი, ე. წ. აბსიდებიანი ნაგებობა, რომელიც სასახლესა და აუზთან შედარებით გვიანდელია და ახ. წ. V საუკუნეს უნდა განეკუთვნებოდეს.

იბერიის სამეფოს საქალაქო ცხოვრების დაწინაურების თვალსაჩინო მოწმობაა ძალისის ნაქალაქარზე აღმოჩენილი მაღალმხატვრული დონის იატაკის მოზაიკები, რომლებიც საქართველოში ახ. წ.  II - VI საუკუნეებში მხოლოდ ბიჭვინთის ბაზილიკასა (აფხაზეთი, დასავლეთი საქართველო) და სოფელ შუხუთის (გურია, დასავლეთი საქართველო) რომაული აბანოში დასტურდება.

ძალისის ნაქალაქარზე მოზაიკური იატაკი გამოვლინდა 1972 წელს გათხრილ რომაული ტიპის ერთ-ერთ აბანოში, რომელიც შედგება ცივი ((Frigidarium), თბილი (Tepidarium) და ცხელი (Caldarium) განყოფილებებისგან. თბილი და ცხელი აბანოს იატაკი გამართული იყო კალორიფერებზე, რომელთა სვეტებში ერთმანეთთან კირხსნარით იყო დაკავშირებული მრგვალი ან ბრტყელი აგური. Aაბანოს აღმოსავლეთის მხრიდან ჰქონდა საცეცხლე არხი, რომელიც 0,75 მ სიღრმეზეა მიწაში ჩაჭრილი და მასში გამართულია ორსაფეხურიანი კიბე. Aარხის თავზე საქვაბე იყო მოწყობილი.

აპოტიდერიუმში (გასახდელში) შემორჩენილია მოზაიკური იატაკი, რომელზეც გამოსახულია ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი "რვარომბა ვარსკვლავების" ორნამენტი.

ფრიგიდარიუმის მოზაიკაზე, რომელიც ძალიან დაზიანებულია, გამოსახული უნდა ყოფილიყო ოკეანე და თეტისი, გარშემორტყმულნი დელფინებზე ამხედრებული მებადური ეროტებით. შემორჩენილია ნიჟარის, დელფინისა და ბადის გამოსახულებები. Eამ მოზაიკას ანალოგები ეძებნება ანტიოქიის, კილიკიისა და გარნის ცნობილი ნიმუშებს შორის და მათ მსგავსად, იგი მარინისტულ თემას ასახავს.

ტეპიდარიუმში შემორჩენილია ფარშევანგისა და გეომეტრიული ორნამენტის ფრაგმენტები. შესრულების განსხვავებული მანერა იძლევა ვარაუდის უფლებას, რომ იგი სხვა ოსტატის ნახელავია.

ძალისის ერთ-ერთი სასახლის სანადიმო დარბაზში, ე. წ. ტრიკლინუმში, დაგებული იყო მონუმენტური მოზაიკური იატაკი, რომელიც ძალიან დაზიანებული სახითაა მოღწეული.

ინფორმაცია მოამზადა ნინო ლორთქიფანიძემ დასავლეთ მიმართულების საექსპორტო მილსადენის (WREP) „გადავადებული არქეოლოგიური გათხრების" ხელშეკრულების ჩარჩოში BP-სა და მისი პარტნიორების მიერ დაფინანსდა პროექტის ფარგლებში.